“მიზანი არა ევრაზიული კავშირიდან გასვლა, მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა” – ფაშინიანი

“სომხეთის მთავრობისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა მიზანი არ არის, მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება”- როგორც ჰამბურგიდან „არმენპრესის“ კორესპონდენტი იტყობინება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პასუხად კითხვაზე, როდის ემზადება სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსასვლელად და როდის შეიტანს საბოლოოდ ევროკავშირში წევრობის ოფიციალურ განაცხადს.
„ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა მიზანი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება მიზანია. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელია. გვესმის, რომ დადგება მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, მაგრამ დღეს ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, ანუ დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს. როცა დადგება ის დრო, როცა ამ ეტაპამდე მივალთ და გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო, მაშინ მივიღებთ კიდეც ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, სომხეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ სომხეთის მთავრობისთვის დამატებითი სტიმულია, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტებს შეუსაბამოს.
„და სანამ ობიექტურად არ ვიქნებით ამ სტანდარტების შესაბამისი, ვერ შევძლებთ ევროკავშირის წევრობას. შესაბამისად, ამ გზაზე პირველი ამოცანაა, გვქონდეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსაც შევიტანთ. ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანისას ორი ვარიანტი არსებობს: ან მიგვიღებენ, ან – არა. ჩვენი გეგმის არსი ის არის, რომ როდესაც ამ მომენტამდე მივალთ, მიუხედავად იმისა, მიგვიღებენ ევროკავშირში თუ არა, ჩვენ მაინც მოგებული ვიქნებით. რადგან თუ ასეთ პირობებში ევროკავშირის წევრები გავხდებით, ეს ძალიან კარგია, თუ არ გავხდებით, ისევ მოგებული ვიქნებით, რადგან ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.