მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 14 ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევა – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულია სხვადასხვა ქვეყნის 34 მოქალაქე. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იქნა მიღებული, და მათ ქვეყანაში შემოსვლა შეუზღუდეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერაყის, რუსეთის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ნიგერიისა და მაროკოს მოქალაქეები.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება,“ — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.