„მიგრანტების შემოდინება აისახა ფასებზე, როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვის კუთხით“ – როგორი იყო 2024 წელი უძრავი ქონების სექტორისთვის

როგორი იყო 2024 წელი სამშენებლო სექტორისთვის? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კომპანიები? საკითხზე ,,კომერსანტის’’ წლის შემაჯამებელ ეთერში ,,გუმბათი ჰოლდინგის’’ თანადირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, გასული წელი სექტორისთვის გამოწვევებით სავსე გამოდგა. ნატო ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ პროტესტმა, რომელიც ჯერ გაზაფხულზე შემდეგ კი წლის ბოლოს საზოგადოება მოიცვა, ასევე არჩევნებმა დიდი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე. გამოწვევების მიუხედავად ,,გუმბათი ჰოლდინგის’’ თანადირექტორმა 2024 წელი დადებითად შეაფასა.
,,2024 წელმა საკმაოდ სწრაფად გაიარა. გამოწვევებით სავსე იყო ჩვენი კომპანიისთვის და ასევე უძრავი ქონების სექტორისთვის. ჯერ გაზაფხულზე საპროტესტო ტალღას ჰქონდა გავლენა თავის მხრივ. მეორეს მხრივ არჩევნებს, როცა ხალხი ელოდა როგორ დასრულდებოდა პროცესები. მიმდინარე მოვლენებიც პრინციპში, საკმაოდ გავლენას ახდენს უძრავი ქონების სექტორზე. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ წელმა საკმაოდ კარგად, წარმატებით ჩაიარა. ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ძალიან ბევრი იშრომა. ჩვენს მომხმარებლებზე ორიენტაცია სწორედ გვეხმარება იმაში, რომ თითოეულმა ჩვენმა მობინადრემ თავი იგრძნოს განსაკუთრებულად, ამიტომ არ დავიშურეთ ძალისხმევა და ვეცადეთ, რომ ძალიან აქტიურად გაგვეტარებინა ეს წელი და სამშენებლო პროცესი თითქმის უკვე ბოლოსკენ მიახლოებულია.’’- განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.
2024 წელს უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში მიგრანტების მასიურმა შემოსვლამ, რასაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნისა და ფასის მატება მოჰყვა. მიგრანტების ფაქტორის სექტორზე გავლენა კიდევ ერთი საკითხი იყო, რაზეც ,,გუმბათი ჰოლდინგის’’ თანადირექტორმა ისაუბრა. ნატო ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მიგრანტების შემოსვლამ როგორც გასაყიდი, ასევე გასაქირავებელი ფასები გაზარდა. მათი მხრიდან მოთხოვნა კი ძირითადად უკვე დასრულებულ საცხოვრებელ ფართებზე მოდიოდა.
,,მიგრანტების შემოდინება აისახა ფასებზე, როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვის კუთხით. დეველოპერების ნაწილში, ზოგადად, მიგრანტების მხრიდან მაინც ნაკლები იყო მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ დეველოპერები ძირითადად ვყიდით მიმდინარე, მშენებარე პროექტებს. მიგრანტების ინტერესებში უფრო შედიოდა დასრულებული პროექტები. თუმცა, მეორეს მხრივ დასრულებული პროექტების ბაზრის ამოწურვამ ცხადია, გავლენა იქონია მშენებარე ბინებზეც და გაიზარდა მოთხოვნა. რაც შეეხება მიწოდების ნაწილს, მიმდინარე მშენებლობები და პლუს კიდევ ის ნებართვები, რაც არის გაცემული დღეისთვის უძრავი ქონების კუთხით საკმაოდ დიდ ფონდს შეადგენს“, – განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,გუმბათი ჰოლდინგი’’ ვაკეში მრავალფუნქციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აგრძელებს. მშენებლობა 2026 წლის დასაწყისში დასრულდება. გასული წელი ამ პროექტისთვის წარმატებული აღმოჩნდა და 2024 წელი გაყიდვების 80%-ზე მაღალი მაჩვენებლით დასრულდა. ნატო ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დეკემბრის თვეში უკეთესი შედეგების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა წლის ბოლოს საპროტესტო აქციებმა გარკვეული გავლენა მოახდინა მათ საქმიანობაზე.
,,ვაკე რეზიდენსი საკმაოდ მოთხოვნადი პროექტია. დეკემბერს ველოდით, რომ ცოტა უკეთესი თვე იქნებოდა, მაგრამ გარკვეულ წილად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა თავისი გავლენა იქონია. წლის დასაწყისს თუ შევადარებთ, საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა გაყიდვები, თითქმის 80%-ზე მეტი უკვე გაყიდული გვაქვს. მშენებლობა სრულდება 2026 წლის დასაწყისში. უკვე ვიწყებთ ბაზარზე გამოტანას კომერციული და საოფისე ქონების. 2025 წელს ამ კუთხით ვიქნებით უფრო აქტიურები, იმიტომ რომ სულ რამდენიმე ბინა დაგვრჩა ვაკე რეზიდენსში.’’- განაცხადა ,,კომერსანტის“ შემაჯამებელ გადაცემაში ნატო ბოჭორიშვილმა.