მიანმარის საზღვართან ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთის სამხედრო წვრთნების მიზანს ჯარების სწრაფი მანევრირების, საზღვრების დაცვისა და შეიარაღების გამოცდა წარმოადგენს.
ჩინეთის გადაწყვეტილება, გუშინდელ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა, რომელსაც პროდუქტები გადაჰქონდა, საზღვართან ახლოს ცეცხლის ალში გაეხვა.
მიანმარის სახელმწიფო მედიამ ინციდენტში აჯანყებულები დაადანაშაულა, ჩინეთმა კი, მომხდარის მიმართ შეშფოთება გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს. უკანასკნელ პერიოდში ხუნტა აჯანყებულების გახშირებულ კოორდინირებულ შეტევებს ებრძვის, რის შედეგადაც, მიანმარის არმიამ რამდენიმე ქალაქსა და სამხედრო პუნქტზე კონტროლი დაკარგა.