მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია.
მათი განცხადებით, ამას ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები.
როგორც NGO-ები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი გაიყინება, ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას.
„2024 წლის 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა. 9 ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, ევროპულ კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს”. ამასთან, ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური თავდასხმები, დაშინებები და მუქარა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, NGO-ები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას:
· გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს;
· არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თითოეულ მონაპოვარს;
· შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.
განცხადებას ხელს აწერენ
· საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
· აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
· დემოკრატიის მცველები
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
· თბილისი პრაიდი
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
· მწვანე ალტერნატივა
· სამართლიანი არჩევნები (ISFED)
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
· სასამართლოს გუშაგი
· საფარი
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· საქართველოს მომავლის აკადემია
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი
· ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
· უფლებები საქართველო
· ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
· საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ასევე დაგაინტერესებთ