მთავრობა EIB-ისგან €250 მლნ-ის სესხს იღებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა.

საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობისთვის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

ფინანსური ხელშეკრულების სარატიფიკაციო დოკუმენტი კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, ფინანსური ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევრო არა უმეტეს 30 წლის ვადით გამოეყოფა, საიდანაც 7 წელი შეღავათიან პერიოდს მოიცავს.

აღნიშნული ფინანსური რესურსი რუსთავი-ალგეთის, ალგეთი-წითელი ხიდის, ალგეთი-არაფლო და არაფლო-სადახლოს საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ საზედამხედველო მომსახურებისთვის დაიხარჯება.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების N 2 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ თანახმად, სესხის ჩარიცხვის ბოლო ვადად 2024 წლის 26 ივლისის ნაცვლად, 2028 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

კომიტეტის თავმჯდომარის ს შეფასებით, სესხის თანხით საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელიც საბოლოოდ შეკრავს საქართველოს აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებულ სატრანზიტო გზებს.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, ამიტომ კომიტეტი მხარს უჭერს ფინანსური შეთანხმების რატიფიცირებას.

სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა წინა მოწვევის პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების მე-11 მოწვევის პარლამენტის აღნიშნულ კომიტეტში განხილვის პროცედურების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირეს.