მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს

მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს – პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის დამტკიცებით აღნიშნული კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
შედეგად, 2027 წლიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას დაამტკიცებს მთავრობა. 2027 წლიდან შესყიდვების ორგანიზაცია ვალდებული იქნება დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან თანამდებობის პირი განსაზღვროს. ამავე თარიღიდან სააგენტო საჯარო შესყიდვების სპეციალისტთა სერტიფიცირებას განახორციელებს, ხოლო სავალდებულო სერტიფიცირების წესი 2029 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონი პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. კანონით რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, იცვლება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა, მათ შორის ინერგება ახალი საჯარო შესყიდვის პროცედურები, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ