მთავრობა ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების გეგმას აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გეგმას აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა.
დათქმა #1 ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, პირველი დათქმის შესასრულებლად, მთავრობამ 11 დეკემბერს 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა, “რომლის ერთ-ერთ კომპონენტს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს”.
დათქმა #2 ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება
დოკუმენტში საუბარია ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რათა საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით: “მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), -სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებეთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე”.
დათქმის შესრულების ვადად 2023-2024 წელია განსაზღვრული.
დათქმა #3 შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე
მთავრობის გეგმით, ყველა საპარლამენტო პარტია უნდა ჩაერთოს ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში, ასევე დათქმის შესასრულებლად მთავრობა დოკუმენტში წერს, რომ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში) თანამშრომლობას გააგრძელებს.
დათქმა #4 თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
დათქმის შესასრულებლად, მთავრობის გეგმის ნაწილია, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა; ასევე, დაგეგმილ აქტივობებს შორისაა, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.
გარდა ამისა, აქტივობებს შორის მთავრობა ასახელებს 2023 წლის 15 დეკემბერს საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების მიღებას (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).
დათქმა #5 საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის გეგმაა ხელი შეუწყოს რეგულარულ დიალოგს ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე, 2024 წლის თებერვალში იგეგმება საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.
დათქმა #6 ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით.
სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად მთავრობა განსაზღვრავს შემდეგ აქტივობებს და მათი შესრულების ვადებს:
· “სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე [2024 წლის იანვარი];
· შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება [31 იანვარი 2024 წელი];
· შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება [7 მარტი 2024]”.
დათქმა #7 ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
ამ დათქმის შესასრულებლად მთავრობა გეგმავს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრიროს.
განსახორციელებელ აქტივობებს შორის წერია ისიც, რომ მთავრობა ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრებს გამართავს, ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად.
დათქმა #8 დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
მთავრობა ამ ნაბიჯის შესასრულებელ ერთ-ერთ ნაბიჯად განსაზღვრავს 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცებას. ამას გარდა, 2024 წელს დაგეგმილ აქტივობებს შორისაა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა “დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით”.
დათქმა #9 ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ დათქმის შესასრულებლად, 6-7 დეკემბერს უკვე გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.
ასევე, მთავრობა დათქმის შესასრულებლად უკვე გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს 25 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებასაც.
მთავრობის გეგმით, 2024 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გამართავენ შეხვედრებს მიმდინარე გამოძიებებზე, ასევე მომავალ წელს იგეგმება ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.
დაგეგმილი აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება