მთავრობა არ ესწრება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარებს მიწვევის მიუხედავად საქართველოს მთავრობის წევრები არ ესწრებიან. ღონისძიების მასპინძელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში .
ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი .
ღონისძიების პარალელურად საქართველოს მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის პოსტი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ “ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”.
დღევანდელი ღონისძიების გახსნის წინ, მედიასთან საუბარში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მოხარულია ევროპის დღის აღნიშვნით საქართველოში, ვინაიდან წელს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.
ამასთან ელჩმა ისაუბრა, “აგენტების კანონის” გამო არსებულ საზოგადოებრივ დაძაბულობასა და კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ანგარიშსწორებაზე.
მისი სიტყვებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, რათა კანონი არ იქნეს მიღებული და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს არ მოუწიოთ შედეგებზე რეაგირების გზების ძიება.
“აგენტების კანონის” მწვავე კრიტიკის და განცხადებების ფონზე, რომ მისი მიღება ააცდენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ამავდროულად ირწმუნება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს