მე მინდა დღეს თქვენ ახალ ოფისში მიგიღოთ, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლეში. შეიძლება, არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში. ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს ბევრი წლებია არ ჰქონია, სადაც პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ შენდებოდა, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და კონსტიტუცია აღარ არსებობს. ფეხქვეშ გათელილია ეს კონსტიტუცია. სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებები… ისინი, ვინც არიან დღეს სათავეში, არაფრად თვლიან არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველ დღე გამოხატულია. ასევე, ჩვენ აღარ გვაქვს სასამართლო. დიდი ხანია ჩვენი სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყანაში და მიდიოდა სხვადასხვა ტიპის მცდელობები ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების. დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში, არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე ხალხისგან წართმეულია და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც არის დემოკრატიული სისტემისთვის, პრაქტიკულად, მისი დაშლა.
ასევე თუ გადავხედავთ სხვა ინსტიტუტებს, პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარის მიღმა, ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს იღებს არავინ იცის, ან რატომ, რის საფუძველზე, ვისი ინსტრუქციით. ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში, თუ საქართველოს საზღვრების მიღმა არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება, დიდი ხანია არ ვიცით. ან რატომ არის ვიღაც მოხსნილი თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი და ესეც არის დიდი დარღვევა იმ დემოკრატიული პრინციპების, რომელზეც ეს ქვეყანა შენდებოდა. მთავრობაზე არაფერი არ ითქმის, რადგან ეს მთავრობა, როგორც პარლამენტი, ორივე არალეგიტიმური არიან. მათი საფუძველი მოპარული არჩევნებია, ამდენად ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო მთავრობა, დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო პრეზიდენტი დღეს ცდილობენ, რომ შექმნან სურათი მმართველობის, როდესაც რეალურად ქვეყანა გაჩერებულია. თვითონაც იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარის მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის დამალული.