მთავრობამ New Road-ს წიაღისეულის მოპოვების უფლება 595 103 ლარის გადახდის ვალდებულებით მისცა

საქართველოს მთავრობამ კომპანია New Road-ი მიმდინარე წლის 9 დეკემბრამდე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა და უფლება მისცა ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის და ბეშუმის ტერიტორიაზე 198 701 მ³ სასარგებლო წიაღისეული – ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს.
კომპანიამ ამ მოცულობის წიაღისეული 2016 წლის 15 აპრილის 655-ე განკარგულებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი განხორციელებისთვის უნდა მოიხმაროს.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლებულმა კომპანია New Road-მა განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 596 103 ლარი უნდა გადაიხადოს.
წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლის შემდეგ ორ კვირაში მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაციას მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
ცნობისთვის, კომპანია New Road 2010 წელს რეგისტრირებული შპს არის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დავით ჟღენტია. კომპანია ხშირად იღებს მონაწილეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში. ტენდერების მონიტორის მიხედვით, New Road-ს მონაწილეობა სულ 218 ტენდერში აქვს მიღებული. აქედან 83 – მოგებულია, 124 კი წაგებული. მოგებული ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება 658 020 417 ლარია.
წყარო: bm.ge