მთავრობამ თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტს“ ქუთაისში ყოფილი „საგრენაჟო ქარხნის“ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება უკვე მეორედ – 2027 წლის 28 ივლისამდე გადაუვადა.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 539-ე განკარგულებიდან ვიგებთ, რომ სახელმწიფო ქონება „სითი ლოფტს“, რომლის უფლებამონაცვლე კომპანია „ქუთაისის ქარხანაა“, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2021 წელს გადაეცა. მიყიდვა პირობიანი იყო და პრივატიზებული 5 926 კვ.მ-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების განვითარებისთვის კომპანიას, ხელშეკრულების მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებად მინიმუმ 5 მლნ ლარის ჩადება ჰქონდა გაწერილი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ “სითი ლოფტისთვის” პირდაპირი მიყიდის ფორმით პრივატიზებული ქონების შესახებ 2021 წლის 13 ივლისის განკარგულებაში ვალდებულებების ვადის გახანგრძლივებისთვის, კომპანიის უფლებამონაცვლე „ქუთაისის ქარხანამ“ ინვესტიციის 10% გამოუხმობ საბანკო გარანტიად უნდა წარადგინოს. ამასთან, კომპანიამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულებაში პირობების შეცვლისთვის, წესის შესაბამისად, 95 790 ლარი უნდა გადაიხადოს.
ცვლილებების კანონით გათვალისწინებული ზომები კი, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიიღოს.
BMG დაინტერესდა, რამდენჯერ და რის საფუძველზე გადაუვადდა „სითი ლოფტის“ უფლებამონაცვლეს ვალდებულებების შესრულება – ამ კითხვებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. უწყების წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ სააგენტოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით „ქუთაისის ქარხანას“ ვალდებულებები 3 წლის განმავლობაში, ანუ 2024 წლის ივლისამდე უნდა შეესრულებინა, თუმცა მთავრობამ პირველად ვადა 2025 ივლისის ბოლომდე, ხოლო მეორედ – ახლა 2027 წლის 28 ივლისამდე გადაუვადა. სააგენტოში მიზეზს ასე განმარტავენ:
„კომპანიის დასაბუთებული მოთხოვნის, კერძოდ, უცხოელი კონტრაქტორების მიერ სასტუმროს მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის მოწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ხარვეზების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 ნოემბრის N2005 და 2025 წლის 24 მარტის N539 განკარგულებების შესაბამისად, განხორციელდა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა ორჯერ, კერძოდ, შესრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 28 ივლისი, ხოლო შემდგომში – არაუგვიანეს 2027 წლის 28 ივლისი“.
ცნობისთვის, კომპანია „სითი ლოფტი“ 2011 წელსაა რეგისტრირებული და მისი მფლობელი „აჭარა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ უგულავაა. მისი უფლებამონაცვლე „ქუთაისის ქარხანა“ კი 2022 წელს დარეგისტრირდა. მის 100%-იან წილს „აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანია“ ფლობს. დირექტორი კი ოთარ ბერიშვილია. ეს კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგ კომპანიის“ შვილობილია, რომლის დირექტორი ასევე ოთარ ბერიშვილია.
BM.GE-სთვის ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე წელია “აჭარა ჯგუფში” შემავალი D Block-ი ჰოლდინგში საერთო სივრცეების ბიზნესმიმართულების განვითარებაზე მუშაობს. ქუთაისში ყოფილი საგრენაჟო ქარხნის განვითარების პროექტზე D Block-ის წარდგენის ღონისძიებაზე ოთარ ბერიშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში ისაუბრა „საგრენაჟო ქარხანა ქუთაისში – ამ შენობის ბიზნესმოდელი საერთო სამუშაო სივრცეების, ინოვაციის ცენტრებისა და საფესტივალო სივრცეების შექმნაა“, – განაცხადა ბერიშვილმა მაშინ.
BM.GE პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით „აჭარა ჯგუფსაც“ დაუკავშირდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
