მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, რომელიც თვითნებურად დააკავეს. დემონსტრაციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები უნდა იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი.
I urge for the immediate release of journalist Mzia Amaghlobeli whose health condition is a cause of great concern. I reiterate that the Government of #Georgia should unconditionally release all journalists who have been arbitrarily arrested or detained. 1/2 — OSCE media freedom (@OSCE_RFoM) January 29, 2025
მე-19 დღეა „ბათუმელების” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
