დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა იმართება. სხდომაზე იმსჯელებენ მისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის საკითხზეც.
საკითხს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს.
39 წლის ვიქტორ მეტრეველმა მოსამართის საკვალიფიკაციო გამოცდა 2023 წელს ჩააბარა, ფიცი კი დაახლოებით 2,5 თვის წინ, 2024 წლის 24 დეკემბერს დადო.
მეტრეველის სამუშაო გამოცდილება თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟირებით იწყება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავრდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლომდე მეტრეველ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. სულ ბოლოს, დაახლოებით ერთი წელი, ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში, მთავარი კონსულტანტი იყო. ასევე, მოსამართლის თანაშემწე.
რაც შეეხება მის გამოცდილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში, ის 9 წლის განმავლობაში – 2014-დან 2023 წლამდე სისხლს სამართლის კოლეგაში მოსამართლის თანაშემწე იყო. აქედან, ბოლო ერთი წელი – მწერალი თანაშემწე, იგივე მთავარი კონსულტანტი, რაც რანგობრივად უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე უბრალოდ თანაშემწეობა.
სანამ თანაშემწე გახდებოდა, მეტრეველი სამი წლის განმავლობაში სხდომის მდივნის ფუნქციას ითავსებდა ამავე სასამართლოში. იქამდე კი ერთი წლის განმავლობაში სასამართლოს კანცელარიაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. უფრო ადრე კი – სტაჟიორად.
რაც შეეხება განათლებას, მეტრეველმა როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გევრდზე იძებნება მეტრეველის ავტობიოგრაფია, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრითაა დათარიღებული. გარდა სამუშაო გამოცდილებისა და განათლებისა, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ავტობიოგრაფიაში მეტრეველი წერს, რომ ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, მას ჰყავს ცოლი და ერთი შვილი.
