ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მზია ამაღლობელის საქმეში დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამორიცხა. საუბარია ვიდეო-მტკიცებულებებზე, რამდენიმე წერილობით დოკუმენტსა და 1 მოწმის გამოკითხვის ოქმზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტში, საჯაროდ გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ასახავს ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების დროს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურა ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მათი საქმესთან შეუსაბამობის საბაბით მოითხოვა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა განსხვავებული დასაბუთებით:
მეტრეველი ამტკიცებდა, რომ კომპიუტერულ მოწყობილობაში არსებული ინფორმაციის მოპოვებას, თუნდა ის საჯაროდ იყოს გავრცელებული, მოსამართლის განჩინება სჭირდება. მეტრეველის ლოგიკით, რადგან ადვოკატებმა არც კი სცადეს მოსამართლის განჩინების მოპოვება და აღნიშნული ვიდეოები დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაამაგრეს საქმეს, ისინი უკანონოა.
ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, პროკურორების არგუმენტი, რის გამოც ისინი ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ არალოგიკური იყო. მისი თქმით, რადგან მოსამართლეს მათი საქმიდან ამორიცხვის გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღო, განსხვავებული დასაბუთება მოიფიქრა. თუმცა, მწარიაშვილის შეფასებით, სამართლებრივად არასწორი იყო ის მსჯელობაც, რაც მეტრეველმა განჩინებაში განავითარა.
გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ოქროპირაშვილმა შეცვალა ვიქტორ მეტრეველის გადაწყვეტილება და ვიდეო-მტკიცებულებები საქმეში დააბრუნა.
ეს ის მოსამართლეა, რომელმაც დაუშვებლად ცნო ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ამაღლობელის მხარდაჭერებმა მოსამართის სახლთან სიმბოლური აქცია გამართეს.
10 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. უწყება მათ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებოდა. 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ ცხრავე მათგანი – მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.
ამავე თემაზე:
· ორმაგი სტანდარტი პროკურატურის სასარგებლოდ მზია ამაღლობელისა და 8 პირის საქმეებში
· სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება
