მზია ამაღლობელის განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი მზია ამაღლობელის მიერ, შეურაცხყოფის საპასუხოდ, ს პოლიციის უფროსისთვის სილის გარტყმას “ღირსეული ქალის პასუხს უწოდებს”. ღოღობერიძე წერს, რომ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება.
“მზია – მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო. და კიდევ – პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცყოფაზე. ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული – ქალური – ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად…
როდესავ ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს (!) შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენსკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!”, – წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს იმართება.
მზია ამაღლობელი თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.