მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, დაცვისმხარემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამაღლობელის მიმართ ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიების დაწყება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მოითხოვა და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
თუმცა, როგორც ადვოკატი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტავს, უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
დაცვის მხარემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამაღლობელის განცხადების საფუძველზე მიმართა, რომლის მიხედვითაც, ამაღლობელს დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელით შეხებას ცდილობდა.
ადვოკატის თქმით, უწყებამ ფაქტის გარშემო გამოძიების დაწყება დაადასტურა.
ქათამაძის განმარტებითვე, თავდაპირველად გამოძიება ფაქტის გარშემო იწყება და ამის შემდეგ შესაძლოა, გამოიკვეთოს კონკრეტული პირი.
ფაქტზე გამოძიების დაწყება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ინტერპრესნიუსსაც” დაუდასტურეს.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე”, – განაცხადეს უწყებაში.