მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა მოსამართლე ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლას ეხებოდა. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ჟურნალისტის უფლებებს იცავს.
შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.
„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს“, – ნათქვამია საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ფეისბუკპოსტში.
შუამდგომლობით ს საქალაქო სასამართლოს ადვოკატებმა გუშინ, 13 თებერვალს, მიმართეს. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისთვის მოსამართლეს 24-საათიანი ვადა ჰქონდა.
მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 34-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს – 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ექიმების მითითებით, ის კვლავ კლინიკაში რჩება.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ასევე დაგაინტერესებთ