მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა: „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს“, იმართება

„არ გაბედოთ!“ ამ ლოზუნგით „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და აქტივისტ, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად „ფილარმონიიდან“ პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
„ფილარმონიასთან“ მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია ქალებმა დააორგანიზეს. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს!“.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინო დათაშვილს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“.
როგორც ცნობილია, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
რას შეეხება ნინო დათაშვილს, მისი უფლებადამცველის, თამარ გაბოძის განცხადებით, დათაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გადაიყვანენ.