ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური ჯგუფები ბიჭვინთასთან დაკავშირებულ საიჯარო ხელშეკრულების შესაძლო რატიფიკაციას კვლავ აპროტესტებენ და ასლან ბჟანიას “გადამწყვეტი მოქმედებებით” ემუქრებიან. ამის შესახებ ოპოზიციური მოძრაობების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტი წლის ფინალურ სესიაზე, 28 დეკემბერს აპირებს განიხილოს რუსეთთან ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი.
ოპოზიციური მოძრაობები ითხოვენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ უკან გაიწვიოს ბიჭვინთის იჯარით გადაცემის, აპარტ-სასტუმროების სამართლებრივი სტატუსის რეგულირებისა და რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების შესახებ შეთანხმების კანონპროექტები, რომლებსაც “ანტიეროვნულს” უწოდებენ.
“ვადასტურებთ მზადყოფნას ყველაზე გადამწყვეტი მოქმედებებისთვის, რათა დავბლოკოთ თქვენი ინიციატივები, რომლებიც უდავოდ შეუქცევად ზიანს აყენებენ აფხაზი ერის მიღწევებსა და აფხაზური სახელმწიფოებრიობის არსებობის ფაქტს. აფხაზი ხალხის მოსაზრებისა და ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულიად თქვენზე იქნება დაკისრებული”. – წერია ოპოზიციური მოძრაობების განცხადებაში.
2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.
ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.
გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.
2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.