„რჩება რამდენიმე მოსახლე, რომელიც შეგნებულად არ გავიდა აღნიშნული მისამართიდან და სამწუხაროდ, დადგა ის ფატალური შემთხვევა, რაც მოხდა, რამდენიმე დღის წინ,“ – ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის უფროსმა თამაზ ალიბეგაშვილმა ავჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ავჭალაში. ავარიული კორპუსის გაუქმებული ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც თამაზ ალიბეგაშვილმა განაცხადა, ე.წ ტიტანიკის კორპუსის მოსახლეობის ნაწილი ქირით გაყვანილია, ნაწილი კი გასვლაზე შეგნებულად აცხადებს უარს. როგორც თბილისის განვითარების ფონდის უფროსი აღნიშნავს, მათ აქვთ მოთხოვნები, რომელსაც თბილისის მერია კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუკმაყოფილებს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო თბილისის განვითარების ფონდი. ჩართულები ვართ, გამგეობაც, თბილისის მერიაც, განვითარების ფონდიც უშუალოდ იმ ნაწილში, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყოს. გამგეობის მიერ შეთავაზებულია ქირები და გაყვანილია ეს ხალხი. უბრალოდ, რჩება რამდენიმე მოსახლე, რომელიც შეგნებულად არ გავიდა აღნიშნული მისამართიდან და სამწუხაროდ, დადგა ის ფატალური შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ.
აღნიშნულ მისამართზე გვყავს 33 მოსახლე, თბილისის განვითარების ფონდს შეთავაზება აქვს, რომ ჩარგლის ქუჩაზე მოვახდინოთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. პროექტირება დაწყებულია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდება საპროექტო სამუშაოები და შემდეგ ეტაპობრივად დავიწყებთ მშენებლობას. გარკვეული ნაწილი ქირით გაყვანილია, მაგრამ აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომელსაც კანონმდებლობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ დააკმაყოფილებს თბილისის მერია. აქედან გამომდინარე, არ გადიან აღნიშნული მისამართიდან. როგორც ვიცი მეხუთე ხარისხის ავარიული კორპუსია და აქ ცხოვრება კატეგორიულად არ შეიძლება.
თვითონ მოსახლეობას ხშირად უჭირს იმის გააზრება, რომ უნდა გავიდეს და აქ რაღაც რისკებს ხედავს, ერთგვარი უნდობლობა აქვთ. და, სამწუხაროდ, მივედით იქამდე, რომ შეიწირა ბავშვის სიცოცხლე.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ის ფაქტი, რომ როდესაც გვთავაზობენ ქირით გაყვანას, დავთმოთ და დროებით გადავდოთ რაღაცები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც პროექტირება და მშენებლობა დასრულება ამ მოსახლეობას გადაეცემა თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი ბინები“,- განაცხადა თამაზ ალიბეგაშვილმა.
www.bpn.ge
