„მე შენ გთვლი მკვლელად!“, — მიმართა პროევროპული აქციების მონაწილემ გიორგი ახობაძემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს.
დაკავებამდე გიორგი ახობაძე მეგობართან ერთად უვლიდა დედას, პალიატიურ პაციენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე ახობაძემ თქვა, რომ არ მიეცა დედის მოვლის საშუალება, რამაც გაზარდა მისი გარდაცვალების რისკები.
სასამართლო პროცესზე გიორგი ახობაძემ პროკურორს ვრცელი სიტყვით მიმართა: „მინდა მივმართო ამხანაგ გობეჯიშვილს. მისი ქმედება, როდესაც წინა პროცესზე აღმკვეთი ღონისძიება მოითხოვა, ჩემ მიერ შეფასებულია მკვლელობად. შეიძლება ეს სუბიექტურია. მე შენ გთვლი მკვლელად! იმიტომ არა, რომ დედაჩემი დღეს ცოცხალი არ არის და საფლავში წევს. პალიატიურ პაციენტს ორად ორი კონტაქტი ჰყავდა. ასეთ პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გარდაცვალება. აი, მხოლოდ ამ მომენტამდე გთვლით თქვენი მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიების გამო მკვლელად. იძულებული გავხდით, რომ დედაჩემი გადაგვეყვანა მრავალი კონტაქტის მქონე ადგილას. მართალია, ის ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემი კომპეტენციებიდან გამომდინარე, იგივე პირობები სახლში მქონდა შექმნილი. ჰოსპიტალში ექთნების ხუთი ცვლა მუშაობს. ხუთი ცვლა მუშაობს ექიმების, 40 კაცამდე. ასევე, ადმინისტრატორები, რეგისტრატორები, რომლებიც მოდიან პაციენტის სანახავად… თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. აი, ამიტომ ხართ [მკვლელი]. მერე, მიზეზშედეგობრივი რაც მოხდა, მე სიმართლის მხარეს ვარ და არ ვიკადრებ იმას, რომ ის დაგაბრალოთ, რაც არ გეკუთვნით. მაგრამ რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად, არცერთი არ გაითვალისწინეთ. ვიქნებოდი მისამართზე საბურთალოზე თუ ვიქნებოდი გლდანში… თორემ დანარჩენი ყველა თავისუფლება ზუსტად იგივე შეგეზღუდათ, რაც გლდანის იზოლატორში. არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება ჩემმა კოლეგებმა ზოგ შემთხვევაში ეს „წყლის ნაყვად” შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად, ორი საათი არ შევწყვიტე მათი გადაუდებელი დახმარება, გულ-ფილტვის რეანიმაცია. და თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, საერთო უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად ის ნაბიჯები გადამედგა, რომელიც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული. თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ? დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ დედას, რომ აი, ასეთი კაცს, როგორზეც მე აქამდე ვილაპარაკე, როგორ შეაფასებდა, როგორც პიროვნებას? პასუხს რომ გაგცემთ თქვენი მშობელი, რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანთან, მერე სარკეში ჩაიხედეთ და უბრალოდ ეცადეთ, რომ ეგეთი ადამიანი მეორეჯერ ან უფრო ბევრჯერ თქვენი კარიერის მანძილზე სარკეში არასდროს დაგენახოთ“.
ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც – ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. 10 დეკემბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას პატიმრობა შეუფარდა.
