„მე ვფიქრობ, რომ შეცდომაა, როდესაც ბიძინაზე ამბობენ, რომ ის პრორუსია და პუტინის შეკვეთებზე მუშაობსო…“ – გია ხუხაშვილი

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, .
– ბატონო გია, თქვენი აზრით, რა მიზანი და გეგმები აქვს პოლიტიკაში მესამედ მოსულ ივანიშვილს?
– ორი ძირითად მიზანი აქვს. ერთი, პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენა, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს გარკვეული შფოთვები, რომ სამომავლოდ მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება გაუარესდება. მოლოდინი აქვს, რომ მომავალში, შესაძლოა,მის მიერ ხელდასხმული პოლიტიკის გამო, პირდაპირი საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს. ამიტომ, მისი ერთგვარი ინსტიტუციონალიზაცია ამ პროცესს სერთოდ თუ არ გააჩერებს, საგრძნობლად შეაფერხებს. მეორე ის არის, რომ მას გაუჩნდა განცდა, რომ „ქართული ოცნების“ ელიტამ ცოტა აიშვა და ასე, რომ ვთქვათ, მათი ტელეფონით მართვა უკვე შეუძლებელი გახდა. ამიტომ, მას სჭირდება პარტიაში, ხელისუფლებაში წესრიგის აღდგენა, აბსოლუტური ძალაუფლების დაცვა. ამის გამო დაუბრუნდა პოლიტიკურ მაგიდას ანუ ხელით მართვის რეჟიმს, რითაც თავიდან იყო დაკავებული. მე ვფიქრობ, ეს არის 2 ძირითადი მიზეზი, რომ დაბრუნდა პოლიტიკაში.
– ივანიშვილს აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ დასავლეთთან დაალაგოს ურთიერთობა და აიცილოს მისთვის უკვე გამზადებული სანქციები?
– თუ ივანიშვილი იქნება ინსტიტუციონალიზებული და ჩვენ ნუ ვიტყვით, რომ ეს მისი ბოლო გაჩერებაა, ბევრი რამ დროებით მაინც შეიძლება შეიცვალოს. პარტიის საპატიოს თავმჯდომარეობა, პრემიერის წარგდენის უფლება, შესაძლოა, ერთ–ერთი ეტაპია მისი გეგმისა. შესაძლოა, მომავალში უფრო გააძლიეროს თავისი ინსტიტუციური როლი. დავუშვათ, პრეზიდენტად იყაროს კენჭი ან სხვა რამ გადაწყვიტოს. მის სურვილს ჯერ აქ წინ ვერავინ დაუდგება. დასავლეთისთვის, რომელიც თვლის, რომ საქართველო მისი გრძელვადიანი პარტნიორია, ინსტიტუციური ლიდერისთვის სანქციების დაწესება ცოტა პრობლემატური იქნება. გამორიცხული არაფერია, მაგრამ პრობლემატური ნამდვილად იქნება. ივანიშვილი ახლა თავს იცავს, რაც მისთვის კომფორტული არ არის. მას ერჩივნა ტელეფონით ემართა ქვეყანა, ამას უფრო მიჩვეული იყო, მისთვის ეს უფრო კომფორტული იყო. თან ოფიციალურად, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, ახლა ბევრ რამეზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, რაც მას არ უნდოდა. ადრე ეს რომ სდომებოდა, ამდენ ხანს ჩრდილიდან არ მართავდა ქვეყანას, გადაწყვეტილებებს იღებდა და არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა. ახლა პასუხისმგებლობის ნაწილი დაიბრუნა და შესაძლოა, სამომავლოდ ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ივანიშვილის თვალშიც კი, „ქართული ოცნების“ ელიტამ აიშვა. თავად „ქართული ოცნების“ მომხრეებიც ამბობენ, რომ მართლა ასეა და ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი ბევრს დაიჭერს კორუფციის ბრალდებით თავისი გუნდიდან. თან, კორუფციის პრობლემა თავად ივანიშვილმაც ახსენა. თქვენ რას ფიქრობთ, იქნება დაჭერები?
– მე ვფიქრობ, რომ საჩვენებელი დაჭერები იქნება, თუმცა ეს არ იქნება კორუფციასთან რეალური ბრძოლა. დაიჭერს რამდენიმე ადამიანს, რომ ხალხს აჩვენოს, დაბრუნდა და კორუფციას ებრძვის. ეს კორუფციული სისტემა მან შექნმა, ვინც მსხვილ კორუფციულ დანაშაულს სჩადის, ყველა მისი მოყვანილია ხელისუფლებაში და უმეტესობას წლებია იცნობს. მათი კორუფციული საქმიანობაც ცნობილია მისთვის. კორუფცია სახელისუფლებო ელიტაში ბიძინა ივანიშვილისთვის სისტემის მართვის ერთ–ერთი მექანიზმია, სჭირდება ეს კორუფცია. მას არ უყვარს, როდესაც კორუფცია მის მიერ კონტროლირებადი არ არის. დაუშვა კორუფცია, თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე, მაგრამ როდესაც კაცს უფლებას აძლევს, მოიპაროს 1 მილიონი და ის 10 მილიონს იპარავს, ეს მისთვის მიუღებელია, ივანიშვილი ასეთ რამეებს იშვიათად პატიობს ვინმეს. კორუფციული კონტროლის აღდგენაა მისი ერთ–ერთი ამოცანა და არა კორუფციის დამარცხება.
– სისტემის გამართვა, როგორც თავიდან იყო?
–კი, ბატონო, შესაძლოა ასეც ითქვას. თვლის, რომ ის სისტემა შეიცვალა უარესობისკენ, რომელიც დატოვა.
– ბატონო გია, დავუშვათ, დასავლეთმა მიიღო ეს სახეშეცვლილი ბიძინა ივანიშვილი, არ დაასანქცირა, მას დაელაპარაკა და რუსეთს უგანა ივანიშვილმა. გამოდის, შესაძლებელია, ის იქცეს პროევროპელ პოლიტიკოსად და გაუძღვეს ხალხს ევროკავშირისკენ?
– თეორიულად არაფერია გამორიცხული. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაა, როდესაც ბიძინაზე ლაპარაკობენ, რომ ის პრორუსია და პუტინის შეკვეთებზე მუშაობს. ჩემის აზრით, ეს არ არის სწორი. ბიძინას ეს კოლაბორაციონისტული პოლიტიკა ს მიმართ, იმით არის განპირობებული, რომ მას ეშინია პუტინის. ეშინია არა სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი პრობლემების გამო. ეს შიში განსაზღვრავს მის ამგვარ პოლიტიკასაც. თუ პუტინი იმდენად დასუსტდა, რომ ბიძინას მისი შიშის საფუძველი აღარ ექნა, მისგან რეალური საფრთხე აღარ წამოვა, პუტინს გადააგდებს, რა პრობლემაა. ჯერჯერობით, ის ამას ვერ გააკეთებს, რადგან მაინც, ასე რომ ვთქვათ, პუტინის უძლეველობის ტყვეობაშია, მის მენტალურ ტყვეობაშია. თუმცა, თუ დარწმუნდა, რომ პუტინს ცუდად აქვს საქმე, აუცილებლად გადააგდებს. შესაბამისად, მხარს იცვლის დასავლეთისკენ საკუთარი უსაფრთხოებიდან, სხვა პირადი მიზნებიდან გამომდინარე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს მომავალში. ჯერ ივანიშვილი ამას არ აპირებს, ჩვენ ამას ვხედავთ და აქედან გამომდინარეა მისი პრობლემებიც.
– არჩევნებში რამდენად წაადგება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ქართულ ოცნებას“? მის ხარჯზე მოიმატებს პარტიის რეიტინგი?
– ცოტათი მოიმატებს, მნიშვნელოვნად არა. ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, ის მაინც ბიძინაზე იყო ორიენტირებული, ხმას აძლევდა ბიძინას და არა ირაკლი ღარიბაშვილს ან ს. არავის იმის განცდა არ ჰქონდა, რომ ბიძინა წასული იყო პოლიტიკიდან.
– ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა თავის გამოსვლაში და ამის მერე, „ქართული ოცნების“ სპიკერები გახარიას შეუჩერებლად ლანძღავენ. რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ეს იმიტომ ხდებაო, გახარიამ მოიპოვა დასავლეთის მხარდაჭერა და თუ კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, „ოქროს გასაღები“ გიორგი გახარიას ექნება? მართლა ამ საფრთხეს ხომ არ ხედავენ „ქართული ოცნების“ ლიდერები?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ გახარიას ლანძღვა უფრო იმით არის განპირობებული, რომ ბიძინას ასეთი ხასიათი აქვს. მას რეაქცია არ აქვს, როდესაც ოპოზიციონერები, მედია, საზოგადოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ბიძინას არ უყვარს, როდესაც პირადად აკრიტიკებენ. გახარიაზე ეს შეტევაც ამის დასტურია – მან თავს უფლება მისცა და პირადად ბიძინას შეუტია, პირადად გააკრიტიკა და არაერთხელ. ამის გამოა გაბრაზებული ბიძინა და გახარია გამოაცხადა მტრად. გახარია სისტემის შიგნით იყო, პრემიერ–მინისტრობამდეც ბევრი მაღალი პოსტი ეკავა.