“მე ველოსიპედს ვეფერებოდი, ერთი კაცი კოჭლ ძაღლს და ერთი მთვრალი კაცი კიდევ ბოძს, რომელსაც მაშინ სტოლბა ერქვა”– კეკელიძე

1994 წლის მარტის დასაწყისში, ჩემმა მამიდაშვილმა, გელამ, ,,დესნა დვა” მაჩუქა. ,,დესნა დვა” არის ველოსიპედების სახეობა ოთხმოცდაათიანების ყოფაში, შემადგენელი ურთულესი კითხვისა – ,,დესნა ჯობია თუ დესნა დვა?” , რომელსაც სულ სხვა პასუხი ჰქონდა: ,,ვესნა, ვესნაა ყველაზე მაგარი!” ხოლო ველოსიპედს გურულად ეწოდება ველოსაპეტი. ეს დიდი საჩუქარი, მე და დედაჩემმა ჩავიბარეთ და გამოვეშურეთ ოზურგეთისკენ. ზუსტად ექვსი საათი ველოდით ნატანების ჩაბნელებულ სადგურში ელექტრიჩკას. მე ველოსიპედს ვეფერებოდი, ერთი კაცი კოჭლ ძაღლს და ერთი მთვრალი კაცი კიდევ ბოძს, რომელსაც მაშინ სტოლბა ერქვა. ვიღაც დაბალი ქალი, საათში ერთხელ, ზანტი ნაბიჯით გამოდიოდა და შეგუებული ხმით გვამცნობდა: ,,ელექტრიჩკა დეიგვიანებს, ოჩხამურშია გაჭედილი!”. მე რაც თავი მახსოვს, ეგ მატარებელი სულ ოჩხამურში იჭედებოდა, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ეს გაჭედვა. მოდის! – იყვირა ბოლოს ერთმა, რომელიც ყოველდღე დადიოდა ნატანებიდან ოზურგეთში და რომლის სმენამ ნაძალდევი ევოლუცია განიცადა – რვა კილომეტრიდან მოესმოდა ვაგონების ხმა. ოზურგეთში რომ ჩავედით, იქნებოდა ასე შუაღამის პირველი. სადგურიდან სახლამდე კი არის სამი კილომეტრი და შესაბამისად გზაში მოვიდა შუქი. ცენტრალური. განათდა სახლები. შუქი ორის ნახევარზე მიდიოდა და იყო ასე საათნახევარი. ამ დროს ერთმა თანამგზავრმა თქვა: ,,აგერ ანტონას ამდენი ბაღნები ყავს და დენი რომ მუა, რამდენი რაცხა ექნება მაგის ცოლს დასაუთოებელი, მარა უთო გადააგდესო” . ,,რატომო?” – იკითხეს. ,,თვითონ ეშინია აქეთ დაუთოებისო” – თანამგზავრმა. კი, უთო საშიში იყო და გადამალული, მაცივარს რელე ჰქონდა გამოცლილი და ნივას ბორბლები – მაგრამ ანტონა მოგვიანებით მაინც დააყაჩაღეს და დაჭრეს კიდეც. სადღაც აღმაშენებლის ქუჩის შუაში, დედაჩემი გაჩერდა და ბეწვის ქურქი გადმოატრიალა, ვინმეს ძალიან ძვირფასი არ ეგონოსო და მოვდიოდით ასე – მე ,,დესნა დვით”, დედაჩემი გადმოტრიალებული ქურქით, ალისტრახო ხინიკაძე, ნოდარ ზაქარაიძე, ნუნუკა ცენტერაძე წიწილებით და კიდევ ერთი მთვრალი კაცი აშკარად დიდი, ყველაფრისადმი სიყვარულით აღსავსე გულით. იმდენად, რომ წაიქცა, ფეხსაცმელი გაძვრა და იმ ფეხსაცმელს ეხუტებოდა. კაცი ალისტრახომ წამოაყენა და ალისტრახომვე დაფერთხა.
დედაჩემს ეშინოდა ყაჩაღების, ანტონასაც ეშინოდა ალბათ – იმ სახლში, რომელსაც ჩავუარეთ. და ნუნუკსაც ეშინოდა, ნოდარსაც და ალისტრახოსაც. ყველა უბედური იყო. მე და იმ კაცის გარდა. მაგრამ ჩემი უპირატესობა ეგ გახლდათ, რომ მე ფხიზელი ვიყავი და ალბათ ერთადერთი ფხიზელი 1994 წლის მარტის იმ ღამეს, რომელსაც უხაროდა. #წერილებიჩემიბავშვობიდან