მე გავიმეტე ციხისთვის თუ თვითონ გაიმეტა თავი? – კალაძე მეგი დიასამიძეზე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა 23 წლის სტუდენტმა გოგომ, მეგი დიასამიძემ ციხისთვის საკუთარი თავი თავად გაიმეტა.
კალაძის თქმით, ბანერის დაზიანება ძალიან ცუდი ფაქტია და კანონი აუცილებლად აღსრულდება.
„მე გავიმეტე [ციხისთვის] თუ თვითონ გაიმეტა თავის თავი? არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. პატიმრობა იქნება, სახლში გაშვება იქნება… ამას არც თქვენ [ჟურნალისტები] წყვეტთ და არც მე, ამას წყვეტს მოსამართლე. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა. მე რომ მოვიდე თქვენთან სახლში და დაგიზიანოთ თქვენი სახლი?“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, სხვა ადამიანებიც დაინახა, რომლებიც მის საარჩევნო ბანერს აზიანებდნენ, თუმცა მხოლოდ მეგი დიასამიძე დააკავეს, რადგან სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხდა.
„პატივი უნდა ვცეთ ყველამ კანონს. შტაბი ხომ არ მივარდნილა კაცო იმ ადამიანთან ან შტაბს ხომ არ დაუზიანებია ეს ყველაფერი. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. ვინმე ხომ არ გიშლის პროტესტს, მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, ტყუილია, რომ მისი ბანერი შენობის ფასადზე უკანონოდ იყო გაკრული.
„ამას მუნიციპალიტეტიდან ნებართვა არ სჭირდება. ამას სჭირდება მფლობელის ნებართვა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს, რადგან ნაქირავები გვაქვს ფართი. ნაქირავები გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო შტაბი გაიხსნას და რა თქმა უნდა, ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.
გუშინ, 10 სექტემბერს, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანების დააკავეს. მას სისხლის სამართის კოდექსის 187-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სხვისი ნივთის განადგურებას, ან დაზიანებას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
ამავე თემაზე:
· ადვოკატის თანახმად, მეგი დიასამიძეს 9 საათის განმავლობაში ბორკილები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული
· კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს