„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული რვა დემონსტრანტის პროცესზე, ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომაზე მედიის მიერ ფოტო-ვიდეოგადაღების დაშვება მოსთხოვეს, თუმცა მოსამართლემ განაცხადა: „მე არ ვარ ადრესატი, რომელიც აღნიშნულზე მიიღებს გადაწყვეტილებას“.
ამ საკითხზე პირველმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ მიმართა. მან დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა, დაუშვან კამერები სასამართლო დარბაზში და მისცენ მათ გადაღების უფლება.
· ორშაბათიდან, 30 ივნისიდან, პროცესებზე მედია კი დაიშვება, მაგრამ მას სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის და გადაღების უფლება არ აქვს.
· ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს, – კანონით დადგენილ უწყებას, – რომ მიიღონ გადაღების უფლება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.
სასამართლოდან მუშაობს რადიო თავისუფლების რეპორტიორი სალომე ჩადუნელი, რომელიც მკითხველს რადიო თავისუფლების ფეისბუკსა და ვებგვერდზე დეტალურად აცნობს მიმდინარე სიახლეებს.
დაცვის მხარის არგუმენტები
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ იკითხა, რა საფუძვლით ითხოვდა ადვოკატი კამერების დაშვებას, აიჰან ჰასანლიმ დაასახელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, – რომელიც სხდომის საჯაროობას გულისხმობს.
მსგავსი პოზიცია ჰქონდა კიდევ ერთ ადვოკატს, კახა კოჟორიძეს: „ეს საქმე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე… უდავოა და ცალსახაა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს კონკრეტული საქმის გაშუქებაზე“.
მესამე ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, წაიკითხა კანონის ახალმიღებული ცვლილება საერთო სასამართლოებზე:
„სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“.
თუთბერიძემ განაცხადა, რომ „მხოლოდ სხდომის დარბაზის საჯაროობა ვერ უზრუნველყოფს ამ სხდომების შესაბამისად გაშუქებას“ და დასძინა:
„აქ წერია, რომ სასამართლო იღებს [თავის თავზე] ვიდეოგადაღების უფლებამოსილებას და წერია, რომ სასამართლოს შეუძლია განსაზღვროს უფლებამოსილი პირი… უკვე დაწერილია განცხადებები, გაგზავნილია, რეგისტრირებულია, თუმცა პასუხი იუსტიციის საბჭოდან არ არის. ამიტომ ტვირთი იმისა, რომ მოხდეს კომპენსირება არაკომპეტენტური კომპეტენციის [ეკისრება სასამართლოს]“.
მოსამართლის გადაწყვეტილება
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თავდაპირველად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად შეიძლებოდა „შუამდგომლობად“ ჩათვლილიყო ადვოკატ ჰასანლის მიმართვა.
„შუამდგომლობა უნდა აკმაყოფილებდეს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საფუძვლებს“, – თქვა მან, შემდეგ კი შუამდგომლობას „სრულიად დაუსაბუთებელი“ უწოდა.
ადვოკატთა არგუმენტებზე პასუხად თქვა, რომ კანონის თანახმად, სხდომა „ტარდება საჯაროდ და ზეპირად“, ხოლო ამ შემთხვევაში „სხდომის საჯაროობა დაცულიაო“, – სხდომას ჟურნალისტები ესწრებიან.
რაც შეეხება ფოტო-ვიდეოგადაღებას, მოსამართლემ წაიკითხა კანონის ნორმა, აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კანონს დადგენილი წესი აქვს და თქვა:
„ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვის აქვს მიმართული [იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის]. ჩემთვის არ არის ცნობილი მათგან პასუხი. მე არ ვარ ადრესატი, რომელიც აღნიშნულზე მიიღებს გადაწყვეტილებას“.
30 ივნისის სასამართლო სხდომიდან და ყველა სხვა მომდევნო პროცესებიდანაც, ჟურნალისტების გადაღებული ვიდეო და ფოტოკადრები აღარ გამოქვეყნდება. შეზღუდვა, რომელიც დაჩქარებული წესით შემოიღო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ამოქმედებულია. გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ეზოს გარეთ.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს – მისი ფიგურანტები არიან ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი აქციების მონაწილე დემონსტრანტები:
· ზვიად ცეცხლაძე;
· ვეფხვია კასრაძე;
· ვასილ კაძელაშვილი;
· ნიკოლოზ ჯავახიშვილი;
· თორნიკე გოშაძე;
· ირაკლი მიმინოშვილი;
· გიორგი გორგაძე;
· ინსაფ ალიევი.
პირველ სამეულს ჯგუფური ძალადობის გარდა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაც ედება ბრალად.
დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.
ამ თვეში ყოველდღე ჯგუფური ძალადობის საქმის რომელიმე პროცესი მაინცაა ჩანიშნული.
ფორუმი
