მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე – ჩიკვაიძე

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ ისიც გააშიშვლეს.
გიორგი ჩიკვაიძის განცხადება მისი Facebok-ის გვერდზე ვრცელდება.
„ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.
11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე. რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან, თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება, არის დანაშაულებრივი და არის რუსული. ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!“, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.
გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც უკვე 20 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა საათობრივად მძიმდება
„შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ
გაუსაძლისი მდგომარეობისა, ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედვარე ქართველი ხალხი.
ხშირად ისმის ფრაზა – ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ, ის კი, მშვიდად, მოწამებრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ, ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე – ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.
შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია – ერთი ერთზე – მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.
გიორგი ჩიკვაიძის გარდა, დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.
გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.