მეცნიერები შეშფოთებული არიან მსოფლიოში მწერების სწრაფი ტემპით გაქრობის საფრთხით.
პლანეტა გლობალური ეკოსისტემის მასშტაბური კრიზისის ზღვარზეა, რადგან მცენარეების დამტვერვაში მონაწილე მწერებისა და მცირე ცხოველების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Earth.com წერს.
“დამტვერვა ყველგან ხდება, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ამას ვერ ამჩნევს. ისეთი პატარა არსებები, როგორებიც არიან ფუტკრები, პეპლები, ჩიტები და ღამურები, მცენარეთა შორის მტვერს ავრცელებენ და მათ გამრავლებაში ეხმარებიან. დამმტვერავის გარეშე ყვავილები ნაყოფად ვერ გადაიქცეოდნენ, ხოლო თესლი ვერ გავრცელდებოდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
კლიმატის ცვლილება, საცხოვრებელი გარემოს განადგურება და თანამედროვე ინტენსიური მიწათმოქმედება საფრთხის შემცველი სისწრაფით ანადგურებს მთელ სახეობებს. მცენარეთა დამტვერვაში მონაწილე არსებების გაქრობა მხოლოდ ფერმერებს არ აზარალებს, რომელთა მოსავალი მცენარეთა დამტვერვაზეა დამოკიდებული. ეს ასევე გავლენას ახდენს ტყეებზე, მდელოებზე და ქალაქის პარკებზეც, სადაც მწერები მცენარეებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარებიან. მწერების რაოდენობის შემცირება კონკრეტული რეგიონის ეკოსისტემის კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს.
საერთო ჯამში, დაახლოებით 85% გარეულ მცენარეთა სახეობებისა და 70%-ზე მეტი კულტივირებული მცენარეების გადარჩენა მწერებისა და ცხოველების დამტვერვაზეა დამოკიდებული. მათ გარეშე, ეს მცენარეები ნაყოფსა და თესლს ვერ გამოიღებდნენ.
“მცენარეები ნაყოფს არ იძლევიან, თუ დამტვერვა არ მოხდება“, – განაცხადა ესპანეთის ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტის მკვლევარმა, მადდი არტამენდიმ.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია იმ ფაქტორების აღმოფხვრა, რომლებიც მწერების რაოდენობას ამცირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მცენარე მწერების გარეშეც მტვრიანდება, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ თვითდამტვერვადი მცენარეებიც სარგებელს იღებენ სხვადასხვა მწერებისგან.
თუ კაცობრიობა ახლავე მიიღებს ზომებს, შესაძლებელია მწერების რაოდენობის შემცირების პროცესის შენელება, აცხადებენ მეცნიერები. მათი დაცვა ნიშნავს სიცოცხლის დაცვას, – ამტკიცებენ ისინი.
წუარო: ambebi.ge
