მეღვინეობა “ბინეხი” საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

მეღვინეობა „ბინეხი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, სოსო ბიჭაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მეღვინეობა ზაჰესში 1995 წელს დაარსდა, თუმცა გასხვისების შემდეგ, კომპანიის რებრენდინგი მოხდა, რის შემდეგაც ბრენდმა გაყიდვები 2017 წლიდან დაიწყო.
კომპანიის გაყიდვების მენეჯერის თქმით, კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი დისტრიბუციისა და ჰორეკა სექტორის საშუალებით ახდენს. ექსპორტზე კი ჩინეთში, ამერიკაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთში გადის.
„ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ქართული ღვინოები. კერძოდ კახური, ქართლის, იმერული, მეგრული და ლეჩხუმური ღვინოები. საწარმო მდებარეობს ზაჰესში. წელიწადში საშუალოდ 300 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი ვენახების ძირითადი ნაწილი კახეთსა და სამეგრელოშია გაშენებული. კახეთში 60 ჰა, რომელიც რამდენიმე მიკროზონაშია განთავსებული. ამასთან, სამეგრელოშიც გვაქვს ოჯალეშის ვენახები 3 ჰა-ზე.
პროდუქციის რეალიზაცია ჩვენივე დისტრიბუციით ხდება. ამასთან, ჰორეკა სექტორშიც აქტიურად ვართ წარმოდგენილი. ექსპორტი გვაქვს ჩინეთში, ამერიკაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთში. მიმდინარე წელს, ახალი ბაზრების დამატებას ვგეგმავთ. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს საფრანგეთთან და გერმანიასთან. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა.
ჰორეკა სექტორთან მუშაობა ყველაზე ცუდია. ფულის ჩარიცხვა ძალიან რთულად ხდება. თითქმის ყველა ობიექტთან ჩარიცხვების ნაწილი პრობლემატურია, იმის მიუხედავად, რომ რეალიზაცია პრობლემა არ არის“,- განაცხადა გაყიდვების მენეჯერი.
ბიჭაძე კლიმატური პრობლემების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ცუდი ამინდის გამო, კომპანიას ბოლო ორი რთველია კარგი მოსავალი არ აუღია. ამასთან, იხსენებს გასულ წელს, როდესაც ყვარელში, კერძოდ, ენისელში გაშენებული ვენახების 50% ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „ბინეხში“ ჯამში 30-მდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება სახელს, ბინეხი – მეგრულად ვაზს ნიშნავს.