მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა ამოიწურა

მგზავრებისთვის თვალშისაცემია, რომ ამ ეტაპზე ბაქანზეც და გვირაბშიც მოხსნილია აზბესტის ფილები, სამუშაოების დიდი ნაწილი კი ჯერ არ შესრულებულა. კონტრაქტის მიხედვით, 13,4 მილიონ ლარად უნდა შეცვალონ იატაკი, კედლებზე გააკრან კერამიკული ფილები და შეიცვალოს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი შპს „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 22 პროცენტი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით კი, კონტრაქტორს თანხას უხდიან უკვე გაკეთებული საქმის შესაბამისად. ეს მიანიშნებს, რომ საქმის დიდი ნაწილი – 78% შეუსრულებელია.
„სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჭერისა და იატაკის რეაბილიტაციას გულისხმობდა. ამ დრომდე ჭერი ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაკეთდა, შესაბამისად, იატაკიც. მასიური სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული და შესაბამისადაა გადახდილ თანხის 22%“, – უთხრეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ რადიო თავისუფლებას.
სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორს შორის ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს დაიდო. მასში წერია, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვის განმავლობაში. ეს ვადა 5 დღის წინ, 21 ივნისს ამოიწურა.
თბილისის მერმა მ 1 თებერვალს თქვა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე არ არის ატვირთული შპს „ბადა ქონსთრაქშენთან“ განახლებული ხელშეკრულება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთრხრეს, რომ სარებილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა, თუმცა ხელშეკრულება ძალაშია სექტემბრამდე. შესაბამისად, მასში ცვლილებები ამ დრომდე შევა.
„ბადა ქონსთრაქშენს“ თბილისის მეტროს კიდევ ერთი სადგურის რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სწრაფად ჩასატარებლად ხელშეკრულება ტენდერის გარეშე 2022 წლის ივნისში დადო.
ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში. მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე, ახლა უკვე დეკემბრამდე გადაიწია.