მეტროსადგურ „ვარკეთილზე“ კვლევას ბელარუსული კომპანია ჩაატარებს

თბილისის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის, „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესში პრობლემური საკითხები გამოიკვეთა – ადგილობრივ საპროექტო, სამშენებლო და საექსპერტო კომპანიებს არ აღმოაჩნდათ სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ცოდნა.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რეაბილიტაციის მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება დაიდო ბელარუსულ კომპანიასთან, შპს „პრობილდ ექსპერტთან“. კომპანიამ უნდა შეისწავლოს ბაქანსა და მეტროში ჩასასვლელი რკინაბეტონის კონსტრუქციები და შემუშავებული პროექტი.
„მინდა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გავურბივართ პრობლემებს. პირიქით, პირველი მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ჩვენ, ყველა, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ ერთი მეტროსადგურის რეაბილიტაცია და განახლება“, – თქვა კახა კალაძემ.
წელიწადზე მეტია, შეჩერებულია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მასალა არაერთხელ მოუმზადებია. სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, დახარვეზებულია განახლებული პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო, კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო ყოფილა იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც სადგური უნდა განახლებულიყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რამდენიმე თვის წინ შესყიდვების სააგენტოს მისწერა, განახლებული პროექტისთვის ახალი დასკვნის მომზადება გახდა საჭირო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პროექტის შესახებ დასკვნა 2024 წლის 29 აგვისტოს მოამზადა, თუმცა მისი შინაარსი შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე რამდენიმე თვის წინ გასაჯაროვდა.
ახალი ექსპერტული დასკვნის მომზადებაც სამხარაულის ბიუროს დაუკვეთეს, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას ბიურომ 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ მათ მხოლოდ ნაწილის მომზადება შეეძლოთ, რადგან: „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობების არქონის გამო“.
სწორედ ამის გამო შეარჩია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ბელარუსული შპს „პრობილდ ექსპერტი“, რომელსაც 382 065 ლარს გადაუხდის. დასკვნა ოთხ თვეში უნდა მომზადდეს.
შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულება დაიდო 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე, საიდანაც კომპანიას მიღებული აქვს 3 მილიონ ლარამდე, თანხის 22 პროცენტი.
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
· „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვე გაგრძელდა;
· დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამ წელს გაგრძელდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა 2024 წლის 21 ივნისს ამოიწურა – 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია იმ წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.