საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.
მოკლე პროგრამის შემდეგ ისინი პირველ ადგილზე იყვნენ, თუმცა თავისუფალ პროგრამაში ლუკრეცია ბეკარის და მატეო გუარისეს წყვილმა მათ 7 ქულით აჯობა, მოკლე პროგრამის შემდეგ არსებული ქულების სხვაობა კი, არასაკმარისი აღმოჩნდა მეტელკინა/ბერულავასთვის ჩემპიონატის მოსაგებად.
ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ამ სეზონში, მეტელკინა/ბერულავასთვის ეს მეხუთე მედალია, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი მედლამდე მათ მოიგეს: ვარშავის თასი, იუნიორების გრან პრის ორი ეტაპი და იუნიორების გრან პრის ფინალი.
ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს ყველა დისციპლინაში ჰყავს წარმომადგენელი: წყვილებში – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, კაცებში – ნიკა ეგაძე, ცეკვებში – დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, ქალებში – ანასტასია გუბანოვა.
