„მესტიის მუნიციპალიტეტს, იქ არსებული ინფრასტრუქტურიდან და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, არ უნდა სჭირდებოდეს ამ რაოდენობის ელექტროენერგია“

მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ბოლო წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. უკანონო მაინინგი, გადატვირთული ქსელი და ამას დამატებული რთული მეტეოროლოგიური პირობები, ზამთრის პერიოდში მესტიის მოსახლეობას დენის გარეშე ხშირად კვირების განმავლობაშიც ტოვებს. აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა წელსაც.
გასულ წლის შემოდგომაზე უფასო ელექტროენერგიის კრიპტო მაინინგის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით წერდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაც. მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მოხმარების კატასტროფული ზრდის გამო, ტრანსფორმატორიც კი გაითიშა. მუნიციპალიტეტი პირდაპირ მოუწოდებდა მაინერების მფლობელებს, გამოერთოთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
ცნობისთვის, მოსახლეობის მხრიდან ფინანსური მოგების მიზნით ელექტროენერგიის გამოყენებას ახალისებს ის ფაქტი, რომ სვანეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტების (ფიზიკური პირები) მიერ მოხმარებული დენის საფასურის გადახდა არ ხდება.
მართალია, ძველი აბონენტები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, თუმცა ახალი აბონენტების შემთხვევაში, არსებობს სემეკის რეგულაცია და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელიც რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, ვალდებულია, ისინი აღრიცხოს. ამასთან, უფლება აქვს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტი გათიშოს ქსელიდან.
„სემეკის დავალებით, “ენერგო-პრო ჯორჯია” ახორციელებს ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთებასა და მიწოდების ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის საფუძველზეც მომხმარებელი იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ხელშეკრულების საფუძველზე შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება“, – განუცხადეს რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში.
თუმცა, აგვარებს თუ არა ეს პრობლემას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. აღნიშნული კითხვებით „ბიზნესპრესნიუსი“ ენერგეტიკოს გია არაბიძეს დაუკავშირდა.
როგორც გია არაბიძემ განაცხადა, ერთადერთი გამოსავალი ლიმიტის დაწესებაშია და მესტიის მოსახლეობისთვის უფასო მხოლოდ შესაბამისი გაანგარიშებების შედეგად მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს.
„მესტიის მუნიციპალიტეტს, იქ არსებული ინფრასტრუქტურიდან და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, არ უნდა სჭირდებოდეს ამ რაოდენობის ელექტროენერგია. იმ რეგიონისთვის, სადაც ამ რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს, საკმარისი უნდა იყოს დღეს არსებული ინფრასტრუქტურა, თუმცა როგორც ჩანს, მოხმარება ძალიან დიდია. და რისგან არის ეს გამოწვეული? მთავარ პრობლემად მაინც რჩება მაინინგი, კრიპტო ვალუტის დანადგარები. ბუნებრივ კლიმატურ პირობებს თუ დაემატება ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, ამის აღმოფხვრა საკმაოდ რთული ხდება.
ალბათ, მოსახლეობას ახსოვს, ყაზბეგის ამბავი, როდესაც პრობლემა შეიქმნა გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით. ყაზბეგში ნებისმიერმა მოსახლემ სათბურების მშენებლობა წამოიწყო და გაზი, რომელიც მაშინ დან შემოდიოდა, ძალიან პრობლემატური გახდა დანარჩენი საქართველოს მოხმარებისათვის. პრობლემა გადაწყდა გარკვეულწილად როგორც იდეოლოგიური, ასევე პოლიტიკური მიდგომითაც. გარდა მრიცხველების დაყენებისა, რომელიც ტექნიკური მხარეა, მონახეს სხვა გამოსავალიც. ყაზბეგის მოსახლეობას გარკვეული რაოდენობის გაზი ზამთრის პერიოდის განმავლობაში მისცეს უფასოდ. ეს იმას ნიშნავდა, რომ გათვლილი იყო, რა რაოდენობის გაზი სჭირდება მოსახლეს ზამთრის მძიმე თვეების გადასაგორებლად. დანარჩენის მოხმარებაზე კი უნდა გადაეხადათ ფული. ასეთ შემთხვევაში, გინდა სათბური გააკეთოს და რაც უნდა ის ქნას მცხოვრებელმა. ამ მიდგომამ მოაგვარა ეს საკითხი. კი, ადმინისტრაციაც დასჭირდა, იყო გარკვეული პრობლემებიც, მრიცხველების გადაყრა, დამტვრევა და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოგვარდა.
იდეოლოგია ასეთია… პირობითად, თუ მინდა მცირე სასტუმრო გავაკეთო, უნდა გავყო. რაც მეკუთვნის მე, როგორც მოსახლეს, უფასოდ უნდა მივიღო. ხოლო იმაში, რასაც კომერციისთვის ვიყენებ, თანხა უნდა გადავიხადო. უნდა შემუშავდეს ერთიანი სისტემა, სადაც იქნება განსაზღვრული, მესტიაში მცხოვრებელს წლის განმავლობაში რა რაოდენობის უფასო ელექტროენერგია უნდა მიეწოდოს. რა თქმა უნდა, თვეების განაწილების მიხედვით. ამის ზემოთ ერთ კილოვატ საათზე კეთილი ინებოს და ყველამ გადაიხადოს. მერე გნებავთ მაინინგი ჩართონ, გნებავთ სხვა რამ გააკეთონ. მოხმარება უნდა იყოს ლიმიტირებული. უნდა იყოს იმ რაოდენობის დენი უფასო, რომელიც საჭიროა ადამიანის სოციალური არსებობისათვის იმ მძიმე პირობებში, რომელიც მესტიაშია. ამის ზემოთ მოიხმარე? კი ბატონო, მაშინ გადაიხადე. ასე მოხმარების რაოდენობაც შემცირდება და გარდა ამისა, გადახდილი თანხა „ენერგო პრო ჯორჯიას“ შესაძლებლობას მისცემს, მესტიაში ინფრასტრუქტურა გააძლიეროს“, – აცხადებს გია არაბიძე.