როგორ მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში? – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ „ბუდე მესტიას“ დამფუძნებელმა, თათია თეთრაშვილმა ისაუბრა.
„წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონი მესტიაში არ გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, რაც ალბათ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებით არის განპირობებული. ახლა მესტიაში უფრო არაბული და აზიური ქვეყნებიდან აქტიურობენ ტურისტები, თუმცა მათი ვიზიტები ხანმოკლეა, რადგან სათხილამურო სპორტით არ არიან დაკავებული“, – განაცხადა თათია თეთრაშვილმა.
რაც შეეხება ქვეყნებს, „ბუდეს“ დამფუძნებლის ინფორმაციით, სხვა წლებში სიტუაცია განსხვავებული იყო, ჩამოდიოდნენ ტურისტები უკრაინიდან, ისრაელიდან, თუმცა წელს სვანეთს არაბული და აზიური ქვეყნების წარმომადგენლები სტუმრობენ, რომლებიც ძირითადად 1-2-დღით ჩადიან და ეს მესტიას ისე ვერ ამუშავებს, როგორც იქნებოდა მოთხილამურე ტურისტების სტუმრობის შემთხვევაში.
რაც შეეხება ჩასული სტუმრების მხარჯველუნარიანობას, შესაბამის კითხვაზე თათია თეთრაშვილი ასე პასუხობს: „დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად, როგორც წესი, ჩვენი ზამთრის კურორტები მოიზიდავენ ხოლმე დაბალბიუჯეტიან სეგმენტს. ვფიქრობ, უფრო იმის გამო შეიძლება მოდიოდნენ საქართველოში, რომ ფასები დაბალია, თუნდაც ინფრასტრუქტურის კარგად გაუმართაობის გამო. მაღალბიუჯეტიანი ტურისტი უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას და კურორტს, სადაც ინფრასტრუქტურა მეტად არის განვითარებული. ჩვენ მაინც ვართ იმ სეგმენტში, რომელზეც ადამიანი ბიუჯეტის მიხედვით აკეთებს აქცენტს“, – თქვა თეთრაშვილმა.
სასტუმროს დამფუძნებელმა „ბუდესა“ და მესტიაში არსებული სხვა სასტუმროების დატვირთულობაზეც ისაუბრა და თქვა, გასულ წელთან შედარებით, ჯავშნებიც ძალიან არის შემცირებული.
„თუ ადამიანმა იცის რა ხდებოდა გასულ წლებში მესტიაში, ახლა ქუჩაში ერთი გავლაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ აქტივობა გაცილებით ნაკლებია და ეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად. რაც შეეხება პერიოდს, ახალი წელი გაცილებით დატვირთულია ყოველთვის. თებერვლის ბოლომდე ითვლება ჩვენთან სეზონად და შესაძლოა, 80%-ით იყოს დატვირთული სასტუმრო, თუმცა ახლა ალბათ 50-60%-იანი დატვირთვა შეიძლება იყოს, მეტი – არა“, – თქვა თეთრაშვილმა და განმარტა, რომ ტურისტების სიმცირის გამომწვევ მიზეზებს შორის ალბათ არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ორი ომი, რომელიც მიმდინარეობს, ასევე გაუმართავი ინფრასტრუქტურა.
„რეგიონს სჭირდება პოპულარიზაცია და ალბათ ამ მხრივ განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება“, – ამბობს თეთრაშვილი.
სასტუმროს დამფუძნებელი აქვე დასძენს, რომ ადგილობრივი ტურისტებისგან მესტიით დაინტერესება ზამთარში ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში და ეს წელსაც ასეა.
ცნობისთვის, მესტიაში სასტუმრო „ბუდე“ 2020 წელს 400 000 ლარიანი ინვესტიციით გაიხსნა და ამჟამად 11 კოტეჯს აერთიანებს. ერთი კოტეჯის ღირებულება 150 ლარიდან იწყება და 370 ლარს აღწევს. სასტუმრო 6 ადამიანს ასაქმებს.