“მესმის, რომ ამ მკვლელობის გამო შინაგანი დისკომფორტი არაერთ ადამიანს აწუხებს, მაგრამ განა ეს საკმარისია?”

“და, აი, ჩვენს თვალწინ ხდება სრულიად გაუგონარი ამბავი: ქართველი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ქალი საპროტესტო შიმშილობით იკლავს თავს და მთელი ჩვენი საზოგადოება, არალეგიტიმურიცა და საკმაოდ კანონიერიც, მშვენივრად და შესანიშნავად ვართ ამ სეირის მაყურებლებად მოკალათებულები.
მესმის, რომ ამ მკვლელობის გამო შინაგანი დისკომფორტი არაერთ ადამიანს აწუხებს, მაგრამ განა ეს საკმარისია?
***
მე-15 დღეა ს ციხეში შიმშილობს ქართველი ჟურნალისტი ქალი და არაფერი არ ვიცი მასზე გარდა იმისა, რომ:
შიმშილობის მე-15 დღიდან აუცილებლად დაიწყება მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი პროცესები;
ციხიდან გამოშვების შემთხვევაში ის არ დაიმალება და ვერც ზეწოლით შეცვლის ვერავის ჩვენებას, რადგან არსებობს ვიდეოჩანაწერი იმ დანაშაულის, რისთვისაც დააპატიმრეს;
ის არ არის სერიული მოძალადე, რეციდივისტი;
არ არის შენიშნული ძალადობრივი ჯგუფების წევრობაში ანდა ორგანიზებაში;
ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული შემთხვევა არ შეიცავს დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის ჯანმრთელობისთვის საშიშ ქმედებას;
დანაშაულის ჩადენის დროს ის იმყოფებოდა უწყვეტი და დენადი აგრესიული დაპირისპირების გარემოში;
დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე წუთით ადრე ის უკვე იყო დაკავებული და იმ დაკავებისას მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისას ის აუცილებლად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეიბაში.
***
რაც ვიცი, არის ის, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ისეთ სასტიკ სახელმწიფოშიც კი, როგორიც იყო სსრკ, პოლიტიკური პატიმრების შიმშილობისას შესახებ დასავლეთის რადიოსადგურების მიერ გადმოცემული რეპორტაჟი აიძულებდა კომპარტიას, წასულიყო დათმობებზე და ამით გადარჩენილიყო მოშიმშილე.
ასე გადარჩა რამდენჯერმე, ვთქვათ, მერაბ კოსტავა.
მაგრამ თავი დავანებოთ სსრკს.
მზია ამაღლობელს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრების მსგავსად კაციც რომ ჰყავდეს მოკლული და მე-15 დღე შიმშილობდეს, ყველა ოდნავ მაინც დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე მთავრობა გამოავლენდა რამენაირ მაინც რეაქციას.
ვთქვათ, მარგრეტ ტეტჩერი ალბათ წარმოთქვამდა თავის ძალიან ცნობილ განაჩენს: – მანდვეა საკვების მაღაზია და როდესაც მოშივდება, მიირთვას – ანუ კი არ აარიდებდა თავს პოზიციის დაფიქსირებას, არამედ, აიღებდა ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას.
***
დღეს ამ ქალის სოლიდარობის ნიშნად საშიმშილოდ უნდა იჯდეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ნაცვლად ამისა კი ისინი რაღაცნაირად მშვენივრად ჰგიებენ თავთავიანთ კომფორტში, ეთერში, ვოიაჟში…
დაბოლოს, მიუხედავად ბევრი თვალსაჩინო, ‘ეპოქალური’ სხვაობის, აქ შეუძლებელია, არ გაგახსენდეს კომუნისტურ დიქტატურაში წამებით დაღუპული ჟურნალისტი ნაზი შამანაური.
ჩესლავ მილოშის ნათქვამისამებრ, დიქტატურის ნამდვილი ნიშანი არის არა მიტინგების დარბევა ანდა დაპატიმრებები, არამედ ხელისუფლებისგან და საზოგადოების დიდი ნაწილისგან მიტოვებული და განწირული ერთი ადამიანის უმწეო აღსასრული,”  – წერსსოსო გოლიაძე სოციალურ ქსელში.