“მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც, შეიძლება, არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა” – რას იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია

“საქართველოს ბანკმა” რუბრიკა “ხშირად დასმული კითხვები სთან” შემოგვთავაზა და ვიდეო Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ანდრო ხელაძე “ნაპოლის” გარემარბს სხვადასხვა თემებზე ესაუბრა, გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს.
რა უთხრა ჯუდ ბელინგემმა “კვარას”?

“ჯუდი ოსიმენს ეკითხებოდა პენალტს რატომ არ ურტყამო? ვიქტორმა ბოლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა, ეს ალბათ მათაც იცოდნენ, ბელინგემს ვუთხარი მაგარი “თრეშ თოლქერი” (ბინძურად მოსაუბრე) ხარ-მეთქი, გაეცინა, მერე კი გავუტანეთ და 2:2 გახდა.
შეხვედრა მესისთან “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე
მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც, შეიძლება, არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის
რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არა როგორც ფეხბურთელი. რთულია, იპოვო ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში. რომ ვისხედით, რეკლამის დროს პაუზა იყო. მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა. ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგან ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ ვმსხდარიყავით და ბევრი არ გვემოძრავა. მესი ჩემკენ მოდიოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი როცა გამომიწოდა, ძალიან დავიბენი. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება შენთვის გამარჯვების სათქმელად… მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ.
ვინ იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე უხერხული ოპონენტი?

კალაბრია ყოველთვის კარგად მეთამაშება, ძალიან კარგი ფეხბურთელია, სხვათა შორის ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, მე კი სულ ვპასუხობ, რომ როდესაც ვარჯიშებზე დი ლორენცოს ვეთამაშები, მის წინააღმდეგ ძალიან მიჭირს, სასწაული მოთამაშეა… მაგარი პროფესიონალია, იმედია მის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს.
ხვიჩა და რაფაელ ლეაო

პირველ რიგში, ჩემთვის მოთამაშეზე მნიშვნელოვანი მისი პიროვნული მახასიათებლებია, რაფა ისეთი ადამიანია… ალბათ შეიძლება ეს ბევრმა არ იცის, უმაგრესი პიროვნებაა, ზოგადად რთულია იპოვო ასეთი ადამიანი ფეხბურთში, მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც გოლის გატანას დიდხანს ვერ ვახერხებდი, ფსიქოლოგიურად მიჭირდა, გოლი როცა გავიტანე, მომწერა, მომილოცა, საოცარი ბიჭია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მისი წარმატებები ძალიან მიხარია.
საუკეთესო სტადიონი, სადაც კვარას უთამაშია

ალბათ “ენფილდი”, რაც შეეხება იტალიაში, თუ “სან სიროს” არ ჩავთვლით, “მარადონას სტადიონი”. “მილანთან” და “ინტერთან” სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, “მარადონაზე” თამაშიც არ უხარია არავის”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
უმაგრესი ინტერვიუ იყო. მინდა ბევრჯერ მისცეს ინტერვიუ საქართველოში. თუ პოლიტიკასთან ასოცირებულ ჟურნალისტებთან არ უნდა, პირველ არხს ან ანდროს მსგავს ახალგაზრდებს დაუჯდეს ინტერვიუზე. მაყურებელს გვინდა მისი ხშირად მოსმენა. კიდე ბევრი რამე არ ვიცით და ხვიჩას რომ აქვს მოსაყოლი იმდენი ვის აქვს. მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ეთამაშება. სკუდეტოს მოგებაზე და გასულ სეზონზე არაფერი უთქვამს, როგორ მივიდნენ აქამდე, რას გრძნობდა პირველ თამაშებზე, როგორ შეეგუა თავს დამტყდარ ამხელა წარმატებას, როცა სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში თამაშობდა და ჩვენს ყანა სტადიონებზე დარბოდა გასვლებზე. ერთადერთი ცნობილი ადამიანია საქართველოში, ვისი ინტერვიუც მაინტერესებს რადგან ამ წელიწადნახევარში იმხელა ამბავი გადახდა, ერთი წიგნი მარტო ამ ისტორიაზე დაიწერება. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას მარა ისეთი ხალხია გამოჭენებული სოც.ქსელებში და გადაცემებში,ვინც არ გვაინტერესებს და ისეთი არაფერი შეუქმნიათ, ხვიჩა კი არ გვიყვება არაფერს თავის თავზე. იმედია კარიერას რომ დაასრულებს და ამხელა წნეხი არ იქნება მასზე, მერე მოყვება ყველაფერს, რაც საფეხბურთო თვალაზრისით გადახდა თავს. მესისთვის ხელის ჩამორთმევა ყველაზე უმნიშვნელო იქნება იმ ისტორიასთან, რასაც აწი დაწერს.❤️
ხვიჩა, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ სამყაროში ბევრი უკეთესი რამაა …. ენფილდი ტყუილა არ მოგეწონა. ლივერპული უბრალოდ საფეხბურთო კლუბი არაა, ოჯახია. თუ იქ გადახვალ (თუ რა თქმა უნდა, მიგიწვევენ), დაუფიქრებლად უნდა გადახვიდე. დარწმუნებული ვარ ძალიან შეგიყვარებენ. ფეხბურთელისათვის კი გულშემატკივრის სიყვარული ძალიან ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, შენ პირველი არ ამბობ მაგას. ენფილდზე ლამაზი სტადიონები არსებობს, მაგრამ აქ სხვანაირი მუხტია, ჯადოა