„მესაქონლეობაში მაჩანჩალა დონეზე ვართ, თუ ქვეყანაში საკუთარი რძე არ გაჩნდება, არაფერი გვეშველება“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

„წლევანდელი წელი ძალიან კარგად დასრულდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მესაქონლეობის და მერძევეობის განვითარების ახალი პროექტი დაიწყო“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ უთხრა, მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა მოაგვარებს რძის პრობლემასაც.
„23 წელია ამ ტიპის პროგრამაზე ვოცნებობ და ეს წელი მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ეს პროგრამა დაიწყო. მესაქონლეობაში მაჩანჩალა დონეზე ვართ, მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი გაცილებით უფრო წინ არის მესაქონლეობის თვალსაზრისით ვიდრე ჩვენ.
პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესაქონლე და ყველის მწარმოებელი ფერმერებისთვის, იმიტომ რომ თუ ქვეყანაში საკუთარი რძე არ გაჩნდება, არაფერი არ გვეშველება. ზუსტად აქედან გამომდინარეობს ის პრობლემაც, რომ რძის პროდუქტებში მონაწილეობს ფხვნილი, ეს იმიტომ ხდება, რომ არ გვაქვს რძე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს წელი, იმიტომ რომ როგორ იქნა პროექტი დაიწყება. ამ პროცესის დარეგულირებაში ქვეყანას კანდიდატის სტატუსიც დაეხმარება, ფასიც დარეგულირდება და ყველის ხარისხიც გაუმჯობესდება“ – აღნიშნა ანა მიქაძე ჩიკვაიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე
მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში შევა ცვლილებები და ამ მიმართულებით სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება. ეს შეეხება მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის დაფინანსებას, სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას. პირველ კომპონენტში, ნაცვლად 4 წლისა, 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება თანადაფინანსება. საპროცენტო განაკვეთი 11%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც შეეხება მცირე ფერმერულ მეურნეობებს, გაიცემა 40,000 ლარის ფარგლებში საგრანტო დაფინანსებას იმისათვის, რომ მოეწყოს შესაბამისი ფერმერული მეურნეობა და სადგომები თანამედროვე სტანდარტებით