თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაზმომარაგების ქსელში დაზიანებასთან დაკავშირებით მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება.
მისი თქმით, მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა „თბილისის ენერჯის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.
„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც აბონენტთა ნაწილს გაზი არ მიეწოდება, თუმცა „თბილისი ენერჯიში“ ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ უფლებამოსილნი არ არიან, გაავრცელონ ინფორმაცია „მესამე პირის“ შესახებ, რომელსაც გაზსადენის დაზიანებას უკავშირებდნენ.
ნეტგაზეთმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა, გამოძიება და რა ეტაპზეა ის, არც ამ უწყებას მოუწოდებია.
გაზმომარაგება 9 თებერვალს შეუწყდა ვაკისა და საბურთალოს რაიონებს. 500მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო. საუბარია 150 000 აბონენტზე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6823a23a-85f6-4482-b162-799a2c447a40_cx0_cy5_cw0_w1200_r1-TX3sFv-300x169.jpeg)