თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებს ექვსი მოქალაქე არ თანხმდება”.
განცხადებაში, რომელიც დღეს, 26 ივლისს გავრცელდა, წერია რომ აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ.
„ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, თბილისის მერიის ცნობით, გამოსახლების, ანუ 24 ივლისის შემდეგ სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან „ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით”.
„ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მუნიციპალიტეტის მთავრობა ცრუ ინფორმაციას უწოდებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად 300 ლარს სთავაზობდნენ, ისიც მხოლოდ სამთვიანი ვადით.
„ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ხელშეკრულების გაგრძელება”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ცალკე აბზაცები ეთმობა 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ უსახლკაროთა პროგრამას და მუნიციპალური თავშესაფრების სერვისს, სადაც ცხოვრების უფლება თბილისში რეგისტრირებულებს წარმოეშვებათ.
„და ბოლოს, გაცნობებთ, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე ავარიული შენობები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ეს არის კერძო ტერიტორია და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა, ცდილობს დაეხმაროს თბილისში რეგისტირებულ მოქალაქეებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში, მოქმედი წესებისა და კანონის შესაბამისად”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება 24 ივლისს დილით დაიწყო პოლიციის დახმარებით. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.
თვალჭრელიძის #1-დან გამოსახლებული ოჯახებისა და ადამიანების ზუსტი რაოდენობა, უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ ოჯახების რაოდენობა 80-დან 100-მდეო. მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვიც უნდა იყოს.
ტერიტორიის კერძო მფლობელი შპს ბლექ სი ფროფერთია, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 28 ივნისსაა რეგისტრირებული. ამ დოკუმენტის თანახმად, კომპანიის დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე აბულფაზ მელიკოვია. კომპანიის პარტნიორი შპს. „ორიენტბილდ ისთეითია“, რომლის ასპროცენტიანი მფლობელიც ასევე აბულფაზ მელიკოვია.
ის, რომ შენობები ავარიულია, 24 ივლისს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც თქვა.
უწყებამ ისიც დაამატა, რომ ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ყველა სოციალურად დაუცველი აღრიცხეს და მათი საჭიროებებიც განსაზღვრეს. უწყება განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა მხოლოდ 39 ოჯახი. მათგან დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს და სოციალურად დაუცველებს მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაც შესთავაზეს.
ადგილობრივების ის ნაწილი, რომლებიც ამ დრომდე თვალჭრელიძის ქუჩაზე რჩებიან ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს სიცრუეს უწოდებენ.
ფორუმი
