აზერბაიჯანელი მედია იურისტი და უფლებადამცველი ალესგერ მამედლი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, დაბადების დღის დღეს წერილით მიმართავს საზოგადოებას. მისი თქმით, უკვე მეორე წელია უსამართლოდ და ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ხვდება საკუთარ დაბადების დღეს ციხეში, 4 კვადრატული მეტრის ზომის საკანში.
მამედლი აცხადებს, რომ ეს პატიმრობა არის “ფასი, რომელსაც ის მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის იხდიდა”, და რომ მასზე ზეწოლა მხოლოდ მის შეუპოვარ ბრძოლაზე მიუთითებს:
„ეს არის ჩემი პასუხი იმ ზეწოლებზე, რაც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტიკის უსაფრთხოებაზე ხორციელდება – ბრძოლა, რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელზე მეტი დავუთმე“, – წერს ის.
მისი თქმით, ქვეყანაში ასობით ჟურნალისტს ასწავლიდა მედიის სამართალს, ეთიკასა და პროფესიონალიზმს და ეს არ უნდა იყოს დასჯის საფუძველი. თუმცა, მისი განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ახალგაზრდა ჟურნალისტების დაპატიმრება და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების მუქარა:
„დღევანდელ რეალობაში პრინციპულ, პროფესიონალ ახალგაზრდა ჟურნალისტებს 11-12 წლიანი სასჯელით ემუქრებიან. ეს ყოველივე ჩემ რწმენას არყევს ქვეყნის მომავალზე“, – აცხადებს მამედლი.
როგორც ის ამბობს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მას გამბედაობას აძლევს თანამებრძოლების, რომლებიც, მისი თქმით, “პატიმრობის დერეფანში შემთხვევითი შეხვედრისას კისერზე ეხვევიან” და სწორედ მათი სიმტკიცე აძლევს მას ძალას.
მამედლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „AbzasMedia“, „Toplum TV“, „Meydan TV“-სა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ისევე უდანაშაულონი არიან, როგორც თავად.
„მედია პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ ახალი ეპოქის გამოწვევები და რეაგირება მოახდინონ. ყარაბაღში სუვერენიტეტი აღდგენილია – ახლა კი საჭიროა შერიგება, ჰუმანიზმი და საზოგადოების გაერთიანება, და არა ადამიანების შერჩევითი დევნა განსხვავებული აზრისთვის“, – ამბობს ის.
„გულით მადლობა ყველას, ვინც ამ დღეს ჩემ გვერდითაა, თანამიგრძნობს. თქვენ მაგრძნობინეთ, რომ მარტო არ ვარ.“
აზერბაიჯანელი მედია იურისტი და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის Toplum TV-ს დამფუძნებელი, პატიმრობაში 2024 წლის მარტიდან იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე [„ვალუტის კონტრაბანდა“, დამატებითი ბრალდებები: 2025 წლის იანვარში მას და სხვა დაკავებულებს წარუდგინეს ახალი ბრალდებები, მათ შორის „უკანონო მეწარმეობა“, „ფულის გათეთრება“ და „დოკუმენტების გაყალბება“, რაც საერთო ჯამში 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს]. მისი დაკავება და მიმდინარე სასამართლო პროცესი ფართოდ განიხილება როგორც ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
