მემარჯვენე რადიკალების ჟესტისთვის უეფამ, შესაძლოა, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი დასაჯოს

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მერიჰ დემირალის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება თურქი ნაციონალისტების ჟესტის გამო, რომელიც მან ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩის დროს აჩვენა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა რეაგირება მოახდინა დემირალის ჟესტზე, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ “მგლის სალუტს” და რომელიც ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, “ფაშისტურად” ითვლება.
„თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ჩვენს სტადიონებზე ადგილი არ აქვს. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა ჩაატარებს გამოძიებას და განიხილავს შესაძლო სანქციებს”, – დაწერა ფეზერმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში.

საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი იურგენ შულცი გამოიძახა, რათა გაეპროტესტებინა ფეზერის სიტყვები და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური რელიზიც გამოაქვეყნა.
“დაუშვებელია, რომ უეფამ თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის მერიჰ დემირალის მიმართ დისციპლინური გამოძიება დაიწყოს”, – ნათქვამია განცხადებაში. გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ “მგლის სალუტი „შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული მემარჯვენე ექსტრემიზმთან და რომ ის არ არის აკრძალული სიმბოლო გერმანიაში. ამ ვითარებაში გერმანიის ხელისუფლების რეაქცია ბატონი დემირალის ქმედებებზე თავისთავად შეიძლება ჩაითვალოს ქსენოფობიად. ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაქციას გოლის გატანით გამოწვეული დღესასწაულისას ისტორიული და კულტურული სიმბოლოს გამოყენებაზე, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.”

თავად დემირალმა განმარტა, რომ მას არ სურდა ვინმეს შეურაცხყოფა და რომ მისი ჟესტი მხოლოდ მის “თურქულ იდენტობას” უკავშირდებოდა. “ამის მიღმა არ არის ფარული შეტყობინება. ჩვენ ყველანი თურქები ვართ და ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. მე უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, თუ რამდენად ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება ამ ჟესტის საჩვენებლად,”-წერს თურქი ფეხბურთელი.
· მანამდე უეფამ საქართველოსა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციები ქომაგებს შორის დაპირისპირების გამო დააჯარიმა.
· ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მატჩი 18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“, თურქეთის წინააღმდეგ გამართა. ჯგუფური ეტაპის მატჩის დაწყებამდე, ორივე ქვეყნის გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 30 000 ევროს გადახდა დაეკისრა, თურქეთისას – 25 000 ევროს. გარდა ამისა, ამ თამაშზე გულშემატკივრის მიერ სტადიონზე პიროტექნიკის ანთების გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 6 250 ევროთი, ხოლო, თურქეთის – 9 750 ევროთი დაჯარიმდა.

ასევე დაგაინტერესებთ