თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „აფიშა“ 17 ოქტომბერს გაიხსნება.
სასტუმროს მესაკუთრე კომპანია შპს „მელიქიშვილი ინნ“-ია, რომლის მფლობელებიც, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, უჩა მამაცაშვილი (50%) და ვახტანგ კარიჭაშვილი (50%) არიან. ისინი კომპანიის 50%-50%-იან წილებს ფლობენ. ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. რეესტრის მიხედვით, კომპანიის ორივე მესაკუთრეს ორმაგი – რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.
ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე არსებული ახალი შენობის სიმაღლე პროექტის თანახმად 28.6 მ. -ია. მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა 10-სართულიანია, საიდანაც 8 სართული მიწის ზედაა, 2 სართული კი მიწის ქვედა. საპროექტო შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ობიექტების (რესტორანი, სამზარეულო, ლაუნჯ-ბარი) განთავსება, ხოლო ზედა სართულებზე სასტუმროს ნომრები განთავსდება. ბოლო სართულზე განთავსდება ღია კაფე ტერასით.
შპს „მელიქიშვილი ინნ“-მდე სასტუმროს მშენებლობას Bolero & Company, უფრო ადრე კი ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა გეგმავდა. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე Bolero & Company სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შედის და თბილისის ცენტრში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, თუმცა პროექტს მალევე მფლობელი კომპანია შეეცვალა და სასტუმროს მშენებლობის დასრულება შპს „მელიქიშვილი ინნ“-მა გადაიბარა.
აღნიშნული პროექტის შესახებ „კომერსანტი“ წლების განმავლობაში წერდა, ჯერ კიდევ წლების წინ მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ „ბანკმა ქართუმ“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება ჩამოართვა. ბიზნესმენის შვილი დავით კოდუა აცხადებდა, რომ მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ინფორმაცია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ მიუღია. იგი ამბობდა, რომ ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის დაკარგვა „ქართუ ბანკში“ სასეხო ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული. მელიქიშვილის გამზირზე ლაურა ღაჭავა Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას 2017 წლიდან გეგმავდა. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქტიტექურის სამსახურმა 2016 წელს გასცა, დედაქალაქის მერიასთან ასევე შეთანხმებული იყოს სასტუმროს პროექტი. 100 ნომრიანი და სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019-ში დასრულებულიყო. Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი იყო გათვალისწინებული.