მეთიუ მილერი: “აშშ არ აანონსებს ხოლმე სანქციებსა და სხვა ზომებს მათ დაწესებამდე”

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ, ჩვეულებრივ, არ აანონსებს ხოლმე სანქციებსა და სხვა ზომებს, ვიდრე მათ დააწესებდეს.
მეთიუ მილერმა უპასუხა შეკითხვას „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პროცედურული წინსვლისა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ. შეკითხვა ასე დაისვა:
“როგორც იცით, ეს პირველად არ ხდება და იგივე ხალხი აინიციირებს „რუსულ კანონს“. როგორია თქვენი რეაქცია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ინიციატორები დაუსჯელად მოქმედებენ? ვიდრე თქვენ მორიგ მიზეზს ელოდებით, ისინი უკვე მოქმედებენ და უკან შეტრიალებას ვეღარ შეძლებთ”.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პასუხი:
„ჩვენ ადრეც გავხდით ამ კანონპროექტის წარდგენის მოწმენი და ის მაშინ არ ქცეულა კანონად. ის ჯერაც კანონპროექტია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამის გამო.
რაც შეეხება, ჩვენს შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ასეა – არ ვაანონსებთ ხოლმე პოტენციურ სანქციებს ან სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება დავაწესოთ, ვიდრე ამას გავაკეთებდეთ“.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ მთელ მსოლფიოში უჭერს მხარს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას:
„გავიმეორებ, რომ ვრჩებით ღრმად შეშფოთებულები ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს, საქართველოში იქნება ეს თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას, ცხადია, აშშ მხარს უჭერს ნებისმიერის გამოხატვის თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლებას ყველგან მსოფლიოში“.
16 აპრილს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სპეციალური საშუალება გამოიყენა. გავრცელებულ კადრებში ჩანდა დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავდნენ, ასევე ჩანდა ფერადი სითხით დასვრილი სპეცრაზმელების აღჭურვილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად” სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
· კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
· მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
· მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ასევე დაგაინტერესებთ