“მეზობელთანაც ვერ გადახვალ, რამე რომ გაგიჭირდეს. ყველაზე ცუდ დღეში მოხუცები, ბავშვიანები, ავადმყოფები, უძლურები და ის ხალხია, ვისაც დღიურად გაჰქონდა თავი” – რა ხდება გურიაში
ფოტოზე – ოზურგეთი
ნინა სურამელაშვილი ჩოხატაურიდან:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია გზები ჩაკეტილია, ხალხი გამოკეტილია სოფლებშიც და დაბაშიც. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე გაგვიჭირდეს, დაღუპულები ვართ. რას აკეთებთ თქვენ? სადაა გზის გამწმენდი? ტრაქტორი? რამე საერთოდ? რატომ არ აკეთებთ ტექნიკის მობილიზაციას და არ წმენდთ გზებს? არ ყრით მარილს? მარტო გზას რომ გაწმენდ, არ შველის, იყინება. ხომ იცით, რომ არსებობს ხალხი, ვისაც მარაგები არა აქვს? ხომ იცით, რომ არიან ბავშვიანები, მოხუცები, ავადმყოფები? რას აკეთებთ? მეგობრებო, ბევრნი მწერთ, რა გიჭირს და როგორ დაგეხმაროო. მე პირადად არამიშავს – რაღაც მარაგებიც მქონდა და თავი გამაქვს. შუქი მიდი-მოდის, ხან არის, ხან არა. ძალიან სარისკო სიტუაციაში ვართ ყველანი იმ მხრივ, რომ თოვლის სიმძიმემ შეიძლება სახურავები და სახლებიც დააზიანოს. ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობა და წესიერი ტექნიკის უქონლობაა. დაბაში, სადაც მე ვცხოვრობ, მთავარ გზაზე მაინც გაივლი, ოღონდ თუ გადაუხვევ, ერთი არასწორი ნაბიჯი და ან თოვლში ხარ ჩამხრჩვალი, ან ფეხი გაქვს მოტეხილი მოყინულია ყველგან! მთავარ გზებზე კანტი-კუნტად დადის ტრაქტორი და რაც მთავარია, მარილი არ იყრება – შესაბამისად, გზა იყინება და უარესია. სოფლებია დამარხული. სოფლებში ხალხი ბევრად შორს ცხოვრობს ერთმანეთისგან. მეზობელთანაც ვერ გადახვალ, რამე რომ გაგიჭირდეს. ყველაზე ცუდ დღეში მოხუცები, ბავშვიანები, ავადმყოფები, უძლურები და ის ხალხია, ვისაც დღიურად გაჰქონდა თავი. ვიმეორებ, ის ტრაქტორები, რაც არის, მთავარ გზებს ვერ უმკლავდება. აღარ არის ლაპარაკი სხვა ქუჩებზე, ჩიხებზე და სოფლის გზებზე. რაც მთავარია, თოვა არ წყდება და უახლოესი საათები და დღეები ძალიან რთული იქნება.