მეზვრიშვილი სპეციალურ საგამოძიებოს: შეწყვიტეთ პარტიის უკანონო ისტრუქციების შესრულება

პარტია საქართველოსთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდებს, ქართული ოცნების უკანონო ინსტრუქციების შესრულება შეწყვიტოს.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ უმოქმედობა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც დანაშაულში მონაწილეობას გულისხმობს. ამის შესახებ ბრიფინგი ნათია მეზვრიშვილმა გამართა და მიუთითა, რომ აშკარა ძალადობაზე არცერთი სახელმწიფო უწყება არ რეაგირებს.
“ათი დღე გავიდა ჩვენ მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან და აზრის გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნაზე შეტანილი განცხადება სამსახურმა იმ უწყებაში გააგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დევნასა და ძალადობაში პირდაპირ მონაწილეობს. სამსახურის უფროსი კი კანონმდებლობის დარღვევით არ ცხადდება პარლამენტში.
ოცნებამ სისტემატურ ძალადობაში ოფიციალურ ძალოვნებთან ერთად პარტიული ზონდერ ჯგუფები ჩართო, რომლებიც უკვე არამხოლოდ ხალხზე ძალადობენ, არამედ ერთმანეთს უწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და ეს რამდენიმე დღის წინ ყველა ჩვენგანმა ნახა. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ასევე, პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს ხელისუფლებას, ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნოს.