მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოში არსებულ მედიაგარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია გმობს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას და სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს, “რომლებიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.”
განცხადებაში აღნიშნულია ქვეყანაში მედიაგარემოს გარშემო დღევანდელობაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები.
საუბარია პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელზე:
“მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია ის საჩივრებიც, რომელიც ქართულმა ოცნებამ ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა. ორგანიზაციის თქმით, ეს ნაბიჯები მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე.
“აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია”, – აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.
ორგანიზაცია განცხადებაში ასევე საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად იქცა. ხაზგასმულია, რომ პირველი არხის მენეჯმენტი დევნის და ათავისუფლებს დამოუკიდებელ და კრიტიკულ ჟურნალისტებ, რის გამოც “მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას.”
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ასევე მოიცავს პრობლემებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისა და მათი დაჯარიმების შესახებ, რაც განსაკუთრებით, პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ გახშირდა.
“პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელი ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.
მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე კვლავ გრძელდება სისტემური ზეწოლა – მათ ყოველდღიურად აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებას ცდილობენ. ეს პრაქტიკა წარმოადგენს თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითს”, – წერია განცხადებაში.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, მედიის ადმოკატირების კოალიცია საუბრობს სასამართლო შენობებში კამერების აკრძალვის საკითზე, როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე რამდენიმე პროცესზე მედიას გადაღების საშუალება შეეზღუდა და ასევე ქართული ოცნების მხრიდან მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე, რაც საზოგადოებაში მედიის მიმართ უნდობლობის დათესვას გულისხმობს.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.
მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის“, – წერს მედიის ადვოკატების კოალიცია.
