მედია: The Guardian-თან ინტერვიუს შემდეგ, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს

The Guardian “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე დაწერილ სტატიას აქვეყნებს.

The Guardian წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის დედასთან, მარინა რამაზაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მარინა რამაზაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ვაჟი, გიორგი ბაჩიაშვილი, მილიარდერი პოლიტიკოსის ს “ვენდეტის” მსხვერპლი გახდა.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მშობლების ქონების დაყადაღება ცხადყოფს, თუ რამდენად პერსონალურია კლიენტის მიმართ წარმოებული დევნა.

“ბატონი ბაჩიაშვილის მშობლების — რომლებიც არასოდეს ყოფილან რაიმე დანაშაულში ბრალდებულნი — ქონების გაყინვა ცხადყოფს, რომ გამოძიება ინსტრუმენტად გამოიყენება. ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელებით, ხელისუფლება ანგრევს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და კოლექტიური სასჯელის სახეს იღებს.

ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი პატიოსანი შრომის ნაყოფით შექმნილი პირადი დანაზოგების გარეშე დარჩნენ. ასეთი ქმედებები გაცილებით სცილდება კანონიერ სამართლებრივ ჩარჩოს და წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, ვიდრე სამართლიან სასამართლო პროცესს”, — წერია უფლებადამცველის ინტერვიუში.

დავით ჯანდიერი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშების გაყინვას მათ აქტიურობას უკავშირებს.

“ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი და მისი ოჯახი არ ნებდებიან, [დაკავშირებულია] მათ შორის, ქალბატონი მარინას აქტივობებთან — მაგალითად, მის Guardian-თან ინტერვიუსთან, სადაც მან მრავალი დარღვევა გამოავლინა, რაც გიორგის წინააღმდეგ მოხდა. ის შეუდრეკელი დედაა, მისი იარაღია სიმართლე და ის არ დანებდება. იგი ის ურყევად განაგრძობს ბრძოლას სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის”, — ამბობს Guardian-თან ინტერვიუში დავით ჯანდიერი.

ცნობისთვის, დაკავებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი, საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი. ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მან 43 მილიონამდე დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ამ საქმეზე, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში — 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ბაჩიაშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც საქართველო გუშინ, 4 მარტს დაატოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მანამდე პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

წყარო