მედია: NATO PA ადასტურებს საქართველოს დელეგაციის პრივილეგიების შეზღუდვას

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს საქართველო-ნატოს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) შეხვედრების შეჩერებას და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის ზოგიერთი პრივილეგიის შემცირებას.

როგორც „ნეტგაზეთს“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან აცნობეს, 2024 წლის ნოემბერში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გადაწყვიტა, დაეწყო საქართველოს დელეგაციასთან ურთიერთობების გადახედვა, რათა შეეფასებინა მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის შესაძლო გავლენა. მიმოხილვა დასრულდა 2025 წლის აპრილში.

„მიმოხილვის საფუძველზე, მუდმივმოქმედმა კომიტეტმა 2025 წლის აპრილში, სკოპიეში გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა საქართველო-ნატოს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) შეხვედრები და შეემცირებინა საქართველოს დელეგაციის ზოგიერთი მონაწილეობის პრივილეგია. მუდმივმოქმედი კომიტეტი ასევე შეთანხმდა:

  • საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობა დარჩეს გადახედვის პროცესში;
  • შეინარჩუნოს ჩართულობა პოლიტიკურ ძალებთან მთელი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით;
  • გააძლიეროს ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იყო მიწვეული 2025 წლის გაზაფხულის სესიაზე დეიტონში, ოჰაიოში. ასამბლეა აგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, — ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ნატოსგან დამოუკიდებელია და გამიჯნულია. მუდმივმოქმედი კომიტეტი ასამბლეის მმართველი ორგანოა და მოიცავს ბიუროს წევრებს, წევრი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელებსა და მათი მოადგილეებს, ასამბლეის კომიტეტებისა და ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის (GSM) თავმჯდომარეებს.

საქართველო 1999 წლიდან NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრია და 2024 წლის მაისიდან ფლობს NATO-ს ასამბლეაში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ასამბლეამ GNIC (საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭო) 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტთან ინსტიტუციური ურთიერთობის გასაძლიერებლად შექმნა. საბჭო საქართველოს დელეგაციის, ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების თავმჯდომარეებისა და GSM-ის თავმჯდომარისგან შედგება.

თავდაპირველად „ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც -ის ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა და ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ადგილი აქვს „სიცრუის ტირაჟირების მორიგი მცდელობას“.

„რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა მართლაც, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდათ, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა. რის საფუძველზეც სწორედ ტაბულას ინფორმაციაში გაცხადებულ GSM სემინარებზე, უკვე აპრილის ბოლოს, მარიამ ლაშხმა და მე მივიღეთ ანტალიაში ჩატარებულ GSM სემინარში მონაწილეობა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება, ეს არის საგაზაფხულო და საშემოდგომო ასამბლეის სხდომები, ჩვენ უკვე საგაზაფხულო სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა“, — განაცხადა მიქანაძემ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: რადგან ამ ძიებისას აუცილებლად გამოჩნდება რა ჯდებოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, განსაკუთრებით იურიდიულ ფაკულტეტზე; ვინ ყიდდა ადგილებს, რამდენი აბიტურიენტი ჰყავდა კლანის თითოეულ წევრს…

თავდაცვის სამინისტრო – თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა