მედია: 300 ათასი ლარი უკვე დამდნარი თოვლის გასაწმენდად – “ოცნება” სავარაუდო კორუფციულ სკანდალში ეხვევა

“ქართული ოცნება” კიდევ ერთ სავარაუდოდ კორუფციულ სკანდალში ეხვევა. “ტვ პირველის” მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ თოვლის საფარისგან გზების გაწმენდისთვის 19 მარტს ჩოხატარის მუნიციპალიტეტის „სერვის ჯგუფმა“  ხელშეკრულება “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის ძმას, გივი მათითაშვილს გაუფორმა. დოკუმენტების მიხედვით , მათითაშვილმა ტექნიკა უნდა იქირავოს და მუნიციპალიტეტში გზები თოვლისგან გაწმინდოს. ამისთვის დეპუტატის ძმის კომპანიამ 300 000 ლარი უნდა აიღოს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას თოვლი მუნიციპალიტეტში უკვე აღარ იყო.

რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან ახლა 300 ათასი ლარი არარსებული თოვლის გასაწმენდად? – ამ კითხვაზე პასუხების მოფიქრება და თავის გამართლება საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს გაუჭირდათ.

„სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი თეიმურაზ კოროშინაძე დოკუმენტში წერს, რომ მოულოდნელი დიდთოვლობისა და გადაუდებელი აუცილებლობის გამო სჭირდებათ ტენდერის გარეშე ტექნიკის დაქირავება და ხელშეკრულების გაფორმება, ამიტომ 19 მარტს წერილს აგზავნის შესყიდვების სააგენტოში და ამ დღესვე უფორმებენ ხელშეკრულებას გივი მათითაშვილსაც. არადა,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლი არც მაღალმთიან სოფლებში შემორჩა.

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ შესაძლოა, საქმე არასწორად გაფორმებულ ხელშეკრულებასთან გვქონდეს, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ვლადიმერ სიხარულიძე თითს აპარატის თანამშრომლებისკენ იშვერს. საკრებულოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეც აღიარებს, რომ ახლა მუნიციპალიტეტში თოვლი უკვე გამდნარია, ხოლო რატომ გაუფორმეს მისი მოადგილის ძმას 300 000 ლარიანი ხელშეკრულება გზების გასაწმენდად, არ იცის.