წერეთლის გამზირის ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ახალი, 18 მლნ ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გაჭიანურებულ რეაბილიტაციას ოთხი კომპანია დაასრულებს, მათ შორის არის შპს პარმა, რომლის დამფუძნებლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ბერა ივანიშვილთან.
“ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიებია – “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, რომებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ნოემბრის შუა რიცხვებში იყო გაფორმებული “პარმასთან” ხელშეკრულება, დეკემბრის დასაწყისიდან ეს კომპანია აქტიურად მუშაობს წერეთლის გამზირზე, ტროტუარების მოწესრიგების ნაწილში… არ ვიცი ეს ის თავში იხარშება, რომ კომპანიების შერჩევის დროს ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ იმაზე, რომ ვინ არის პარტიის შემომწირველი, ვინ არის კონკრეტული პირის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი, ეს არის აბსურდი. ” თქვა მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა. წერეთლის გამზირი 8 თვეა გადათხრილია და მერიამ ახლა დაადგინა, რომ ორი კომპანია უხარისხოდ აწარმოებდა სამუშაოებს.
მომხდარის მიუხედავად, მერი და მისი მოადგილეები ირწმუნებიან, რომ წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება, ხოლო სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.